Texts in Georgian

სააღდგომო ეპისტოლე 2024

„სიწმიდით მიწევნად აღდგომასა, პასექსა მას

საიდუმლოსა, რომლისა მიერ ადამ კვალად ეგო

პირველსა სამოთხისა ფუფუნებასა“.

(დიდი მარხვის მე-3 შვიდეულის ხუთშაბათის მწუხრის დასდებელი)

 

აღდგომილი მაცხოვრის მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

   კვლავ მივიწიენით წმინდა აღდგომამდე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების აღუწერელ და გამოუთქმელ სიხარულამდე; საიდულოთა გზით კვლავ ვიხმიეთ გემო ჩვენი სამგვამოვანი ღმერთის ზეციური სასუფეველისა; დავსტკბით ქრისტეს ეკლესიის ყოვლად დიდებული სხეულის ღვთაებრივი მშვენიერებით, რომელ არს „სამოთხე ახალი“; გვიხარის, განვსცხრებით რა ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის მიერ უსაზღვრო სახიერებით ჩვენთვის უხვად მონიჭებული სულიერი თავისუფლებით.

   ისტორიულად პასექი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან თავისუფლებაში გადასვლის აღმნიშვნელია ქანაანის მიწაზე, სულიერად კი, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებით, იგი (წმინდა პასექი) უმდაბლესიდან უმაღლესში, მიწიერიდან ზეციურში, სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლას წარმოადგენს ქრისტიანთათვის (იხ. „სიტყვა აღდგომისათვის“).

   პავლე მოციქულის მტკიცებით, „ზატიკად ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“ (1კორ. 5,7). ჩვენი ქრისტიანული საიდუმლო პასექი ეს არის შინაგანი მონობის შინაგანი თავისუფლებით შენაცვლება, ცოდვისა - სათნოებებით, შიშის შეცვალება შეუპოვრობით, მიწისა - ზეცით, სულიერი სიკვდილის - მარადიული სიცოცხლით, გაცვლა ეშმაკის მონობისა ღმრთის შვილთა თავისუფლებაზე.

   მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ განგვიღო გზა ცხონებისა, თავად წარმოადგენს რა მარადიულ ცხოვრებასთან მიმყვანებელ „გზას“ (იოანე 14,6) და „კარს“ (იოანე 10,9). სულის სიღრმეში ჩვენ უკვე ცოდვის წყვდიადიდან მადლისმიერ ნათელში გადავდივართ. ვიდრე ღმერთკაც უფალთან ერთად ვვალთ, მისი ნათელი წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს, რათა „არა გვიბრკუმეს“ და „არა წარვსცეთ ფერჴი“ (იოანე 11,9-10) ღვთის შემეცნების საწინააღმდეგოდ ჩვენს წინაშე აღმდგარ ყოველ დაბრკოლებას (2კორ. 10,5).

   ცოდვისგან განშორება, - შეგვახსენებს ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, - სიმდაბლესა და სინანულში, როგორც საფლავში შესვლას ნიშნავს. გარნა სწორედ იქ გვპოვებს ჩვენ ქრისტე და აღგვადგენს საიდუმლო აღდგომით უკვე ამ ცხოვრებაში, რითაც მისი ღმრთაებრივი დიდების თანაზიარად გვხდის (იხ. კატეხიზისი 13)!

* * *

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო,

   დიდი მარხვის მთელი სამოღვაწეო პერიოდი ჩვენს სულიერ სვლასა და მსხვერპლს წარმოადგენდა, რათა ღირსეულად მივახლებოდით აღდგომის წმინდა და ნათელ დღესასწაულს. ჩვენს ვნებულ და მკვდრეთით აღმდგარ გამომხსნელთან შეხვედრისა და შეერთების სააღდგომო და ღვთაებრივი გრძნობა ჩვენი დიდმარხვისეული მომზადების საზომით განისაზღვრება. მხოლოდ განწმენდილი გრძნობების მქონე ადამიანებს ძალუძთ განიხარონ და განიცადონ ნათელი აღდგომისა. სიწმინდე, რომელიც მოითხოვს ხორციელ მარხვას, სულიერ თავშეკავებასა და სინანულის ცრემლებს და მათით მოიპოვება, თანხვდება უცდომელ მართლმადიდებლურ გადმოცემასა და გამოცდილებას.

   რათა გავნათლდეთ ღმრთის თვალში, რათა ღირსნი გავხდეთ აღდგომის ღვთაებრივი ნათლისა, უნდა განვიძარცვოთ „კვართი თავშეუკავებლობისა“ და გამოვხადოთ ჩვენგან „ტყვე იგი ვნებათაჲ“, შევიმოსოთ „ბრწყინვალე კვართი მარხვისა, მოთმინებისა და კრძალულებისა“, რადგან მხოლოდ ამგვარი შინაგანი მდგომარეობით ვიქნებით ქრისტე მაცხოვართან ნამდვილ ერთობაში.

   და აწ, რაჟამს დადგა სიხარული და განსვენება აღდგომისა, დადგა პერიოდი ზატიკობისა თვისითა ნუგეშის ცემითა და ყოველგვარი საზრდელის სიუხვით, ნუ დავივიწყებთ და ნუ მივატოვებთ ღმერთთან მიახლებისა და მასში მყოფობის ერთადერთ საშუალებას: თავშეკავებას, წმინდა გულს, ნათელ მლოცველ გონებას და ჭეშმარიტი სარწმუნოების, სინანულისა და სათნოებათა კეთილ საქმეებს.

 

* * *

უფლის მიერ საყვარელნო შვილნო,

   დაე, ჩვენი ქრისტიანული ჩინება - წოდება და ცხოვრება მუდამ აღდგინებული, ცხოველსმყოფელი და ჭეშმარიტი იყოს იმ ჟამამდე, ვიდრე ჩვენი აღმდგარი მაცხოვარი არ მიგვიღებს ნეტარ განსასვენებელში, რომელიც სამართლად ელოდება მათ, „რომელნი მოკუდენ უფლისა მიერ“(გამოცხ. 14,13)!

 

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

† მთავარეპისკოპოსი კალინიკე

ათენისა და სრულიად ელადისა

და

საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ეკლესიის

წმინდა სინოდი


აბერძნეთის ეშმარიტ ართლმადიდებელ რისტიანთა კლესია

მინდა ინოდი


ოქმი № 3218

საშობაო ეპისტოლე 2022

      „ქალწულისაგან უფალი იესო მჴსნელი, განმანათლებელი, 

                                    ცხოვრება და მაცხოვარება, აწ იშუჱბის ბეთლემს შინა“.


ძვირფასო მამანო და ძმანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო!

მამათმთავარი ადამი ურჩებით წინ აღუდგა ღმერთს კეთილთა შინა სამოთხისათა და განიდევნა იქიდან და ჩვენ, მისი შთამომავლები, გვქმნა მემკვიდრე ღმრთაებრივი ნებისადმი მისი წინააღდგომისა. თითოეულ ჩვენგანში არის ღმრთაებრივი მორჩილების უარყოფისა და თავიდან აცილების მარცვალი, რომელსაც განდგომისა და სიკვდილისაკენ მივყავართ.

აგრამ ახალი ადამი, უფალი იესო ქრისტე, სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა შობილი ბეთლემს შინა, ზეცით ქვეყანად გარდამოხდა, რათა არა მხოლოდ  ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, არამედ იშვა თითოეული ჩვენგანისთვის, ადამის მწუხარე შთამომავლებისთვის, რომელთაც ასევე ვცოდეთ და დღესამომდე განვაგრძობთ შეცოდებას. 

ვენ შეიძლება არ ვიცნობთ ძველ ადამს, მაგრამ როდესაც ვცოდავთ, ჩვენი ურჩებით სწორედ რომ მას მივემსგავსებით. და პირიქით, როდესაც არ ვცოდავთ და  მეორე ადამის, უფალ იესო ქრისტეს კურთხეულ მორჩილებას ვიცავთ,  მაშინ  ჩვენს ახალ და ჭეშმარიტ მამათმთავართან ცნობასა და ურთიერთკავშირში ვიმყოფებით, რომელიც ძღვნად გვიბოძებს უცოდველობას! (შდრ. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, ანბანური თავნი, თავი 5).

ს არის ყველაზე საკვირველი და მნიშვნელოვანი და უზენაესი ნაცნობობა ამ ცხოვრებაში - პიროვნული კავშირი მაცხოვარ იესო ქრისტესთან მის წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რათა მივაღწიოთ ჩვენს საუკუნო ღმრთაებრივ დანიშნულებას მამისა და ძისა და სულიწმიდის სამეუფოში!

* * *

განკაცებულმა უფალმა აღასრულა საღმრთო განგებულების ყოვლისმომცველი მაცხოვნებელი საქმე, რათა ღრმად გვჯეროდეს გამომხსნელი საქმისა, ვეზიაროთ მას გამოცდილებით და ამ გზით მოვიხვეჭოთ სულიწმიდის ნიჭი წმინდა საიდუმლოებებთან და სათნოებებთან ერთად. სულიწმიდის გარეშე ჩვენ ღატაკნი და უმწეონი ვრჩებით, უბედურნი და დაუცველნი საშიშროების წინაშე და არათანაზიარნი გამოხსნისა. ჩვენი ინტერესები შემოიფარგლება მიწიერი საგნებით, რომლებიც პროზაული, ხრწნადი, წუთიერი და წარმავალია, რის გამოც ვნებების კულტივირება და უკიდურესი აღგზნება იწვევს ომებსა და ბრძოლებს ჩვენს სამყაროში, ჩვენს შიგნით, ჩვენს გარშემო, მთელს დედამიწაზე...

აგრამ როდესაც სულიწმიდას დავრთავთ ნებას მოვიდეს და დაადგრეს ჩვენ თანა, ის აღგვაორძინებს და განგვაახლებს, გაანათებს რა ჩვენს გონებას,  სინდისს და ყველა ჩვენს გრძნობას. მაშინ წარმავალი ცხოვრება, რომელიც ბუდობს ჩვენში და სულს ხორციელი და ამქვეყნიური მიდრეკილებებითა და სურვილებით ხიბლავს, ადგილს უთმობს წარუვალის ახალსა და კურთხეულ მდგომარეობას. სწორედ ამგვარი გზით შევძლებთ ვიგემოთ ზეციური სიკეთეები, ვიხმიოთ მცირედი მათი სინათლისა და სითბოსი. ჩვენი სული ფრთოვან-იქმნება და სიხარულით თანაეზიარება ანგელოზთა მწყობრ გალობას; საღმრთო მშვიდობა და კურთხევა განივრცობა ჩვენი გულების ოდესღაც ბნელ, ლპობილ, ცივ და სტუმართმოძულე ნიადაგში. 

რისტე იშვა, რათა რადიკალურად შეცვალოს კაცობრივი კრიტერიუმები და მოცემულობები, რათა შესაძლებელი გახადოს ის, რაც აქამდე  წარმოუდგენელ და მიუწვდომელ მდგომარეობად და რეალობად ითვლებოდა. მოვიდა ქრისტე, რათა მოგვანიჭოს ჭეშმარიტი ცხოვრება, ესე იგი რათა ბოროტება გარდააქციოს სიკეთედ, ხრწნილება - უხრწნელებად, ცოდვა - სათნოებად, ჯოჯოხეთი - სამოთხედ, მიწა - ზეცად, კაცი - ღმრთად.

* * *

ძვირფასო ძმანო და დანო!

როგორ მიიღწევა ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სინანულით! სინანული ადამიანში  სცვლის და გარდაქმნის ყოველივეს. ის თავის თავში მოიცავს შემოქმედ და ღმრთაებრივ ძალას, რომელიც ცოდვიდან სათნეობისაკენ მცირედი შეცვალებით იწყება და აღწევს ზღვარდაუდებელ სიწმინდეს.

ოდესაც გონება სიბილწითა  და მავნებლობით არ იქნება დაკავებული, სიტყვები მზაკვრობას შეწყვეტენ, გრძნობები - საქმით შეცოდებას, მაშინ იშვება ახალი ადამიანი: სულიერი კაცი. და ის არის ჭეშმარიტი ქრისტიანი.

ოდესაც მწარე ცრემლით ვიგლოვთ შეცდომებს, როდესაც ჭეშმარიტი სინანულის აღთქმას დავდებთ და დავიცავთ მას, შევწყვეტთ რა მუდმივ დარღვევებს, მაშინ ადამიანი იცხოვრებს და წარემართება ქრისტეს მიერ. ის ყოველგვარი ძალისხმევით ეცდება არ ჩავარდეს არანაირ ბიწიერებასა, ურცხვობასა და მომხვეჭელობაში და ამით არ განვარდეს მადლისაგან. ის განსაკუთრებით მღვიძარე იქნება, რათა არ მიიდრიკოს სისასტიკის, შურისგებისა და ულმობელობისაკენ მოყვასის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, რათა არ დაკარგოს მაცხოვნებელი სინანული და ამით უსარგებლოდ და ამაოდ არ აქციოს თავისი ღვაწლი.

* * *

საყვარელნო ძმანო! 

მოდით, ღმრთაებრივი ყრმის შობას ვიყოთ ერთგულნი და მართალნი, პატიოსანნი და წრფელნი, მოღვაწენი და მღვიძარენი, მხიარულნი და იმედით აღსავსენი, მონანულნი და მოწყალენი, მოთმინენი და მიმტევებელნი და რაც მთავარია - ნამდვილნი და არა თვალთმაქცნი. გვაკურთხოს ღმერთმან მშვიდობისა, სიყვარულისა და ჭეშმარიტებისამან და სუფევდეს ჩვენთანა, ვითარცა ემმანუელ, ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე საუკენეთა, ამინ!

ქრისტე იშვა!

შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი 2022

† კალინიკე მთავარეპისკოპოსი ათენისა                                                                   და სრულიად ელადისა წმინდა სინოდის წევრები