ოქმი № 3403 ათენი,21.03/03.04.2025
†
„ჯვარი შენი უფალო,
ცხოვრება არს და აღდგომა ერისა შენისა...“
(აქებდითსა ზედა დასდებელი, კვირიაკესა ცისკრად, ხმა 6)
საყვარელო მამებო და ძმებო, აღდგომილი უფლის მიერ სულიერო შვილებო,
კვლავ მივაღწიეთ მართლმადიდებლურ აღდგომას - სიცოცხლის, სინათლისა და მარადისობის ენით აღუწერელ სიხარულს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომაში დარწმუნებამ უზომოდ გაახარა მისი მოწაფეები და მოციქულები. ეს მადლი და სიხარული შემონახულია ჩვენს წმინდა ეკლესიაში და მას ჩვენ წმინდა საიდუმლოებებითა და სათნოებებით ვეზიარებით.
საეკლესიო წლის ყოველ კვირა დღეს, ცისკარზე, საკვირაო სახარებაში გვესმის იგივე სასიხარულო უწყება აღდგომის შესახებ, რაც ნეტარმა მენელსაცხებლე დედებმა წმინდა ანგელოზისგან მიიღეს. და, მათ მსგავსად, ჩვენც „შიშითა და სიხარულითა დიდითა“(მათ. 28:8) აღდგომის შესახებ უწყების საკუთარ თავსა და გარემოცვაში საქმით განხორციელების ხილვად ვიჩქარით.
აღდგომა ქრისტესი დასტურია იმისა, რომ სიკვდილით ჩვენც გადავდივართ მარადიულ ცხოვრებაში. ამიტომაც წმიდა იოანე ოქროპირი თავის სააღდგომო ქადაგებაში გადაჭრით უსვამს ხაზს: „ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმათავისუფლნა ჩვენ სიკვდილმან მაცხოვრისამან!“
* * *
საყვარელო ძმებო,
არ დაგვავიწყდეს - მსხვერპლად შეწირვის ნიშანი რჩება ჩვენს მკვდრეთით აღმდგარ უფალზე, იგი წარუშლელად ატარებს ღვთაებრივი ვნების სიმბოლოებს, რადგან ჯვარი და აღდგომა განუყოფელია. აღდგომის განდიდებით ჩვენ განმაცხოველებელ ჯვარსაც განვადიდებთ, რადგან მისი მეშვეობით აღსრულდა სიკვდილიდან სიცოცხლეზე გადასვლა.
ღმერთკაცმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯვარტვირთულმა განვლო ეს ხრწნადი სოფელი, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ამა სოფლის ტყვეობიდან დაღწევის გზა. მან თავისი ზეციური მამის საოცარი მორჩილებით იცხოვრა, უმალ უარყო მოთხოვნილებების უდროო და არასაჭირო დაკმაყოფილების მაცდური წინადადება, აგრეთვე შეთავაზება ტკივილის, მსხვერპლისა და სიკვდილის თავიდან აცილებისა.
თუ ჩვენც უარვყოფთ ცოდვიან საცდურებს და მხნედ დავითმენთ მწუხარებებით გამოწვეულ ტკივილს, შესაძლოა სიწმინდის ღვთაებრივი ნიჭი ჩვენც გვებოძოს და ჩვენზეც გარდამოდინდეს - მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებზე.
ამისკენ მოგვიწოდებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, როცა წერს: „ნებსით ჯვარს-ეცვი, მოკვდი და ქრისტეს თანა დაეფალ, რათა მის თანავე აღდგე და განდიდნე და ჰსუფევდე“ (სიტყვა 38, ნათლისღების შესახებ...).
ეკლესიის მიერ დიდი მარხვის დაწესება, რომელიც წინ უძღვის ქრისტეს წმინდა აღდგომას, სწორედ ამისკენ არის მიმართული: როგორ მოვიშოროთ ტვირთი ხორციელი და სულიერი გადაცდენებისა, რომლებიც ჯვარსა და აღდგომას განგვაშორებენ. ამის გარეშე გამოხსნა არ მიიღწევა და არ მოიპოვება. მხოლოდ ჯვრის გზით მოდის აღდგომის გვირგვინი და მარადიული თავისუფლება.
* * *
საყვარელო მამებო და ძმებო!
ჭეშმარიტი აღდგომა ამქვეყნად, როგორც ესქატოლოგიური აღდგომის საწინდარი ცათა სასუფეველში, არ შეიძლება იდღესასწაულებოდეს შემდეგი აუცილებელი პირობების: ყოველგვარი ბოროტებისა და მანკიერების უარყოფის, ყოველგვარი სიბილწის განდევნის, გულის განწმენდისა და მისი ღვთაებრივი სათნოებებით შემკობის გარეშე, რათა გავხდეთ ღირსნი ნათელმკრთოლვარე აღდგომის ხილვისა. მხოლოდ ნათლითმოსილთ და ქრისტეშემოსილთ შეუძლიათ ღვთაებრივი დიდების საქორწინო პალატში, სიტკბოების სანატრელ სამოთხეში შესვლა. ჩვენი სააღდგომო სანთლები, რომლებსაც სამეუფო კარებთან ვანთებთ, გვახსენებს ამას, ღებულობს რა შუქს უმიმწუხრო ნათლისგან.
ამ ნათელ და წმინდა დღეს ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ მარადიული მართლმადიდებლური პასქალია ჩვენი ეკლესიის მიერ უცვალებელად და სიახლეების გარეშე შენარჩუნდება. მისი ვითომდა ასტრონომიული „შესწორების“ ნებისმიერი მცდელობა, რისკენაც დაცემული ეკუმენისტები ისწრაფოდნენ და ისწრაფიან, რათა განსხვავებულად მორწმუნეებთან ერთად იდღესასწაულონ, დაგმობილია ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებითა და გარდამოცემით.
დაე ჩვენ, როგორც ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი შვილები, ღირს-ვიქმნეთ მარადიული აღდგომის უხრწნელებისა ღვთაებრივი სამმზეობის სასუფეველში. ამინ!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
წმინდა სინოდი
მთავარეპისკოპოსი ათენისა † კალინიკე
წევრები:
† გერონტი პირეისა და სალამინის
† ქრიზოსტომი ატიკიისა და ბიოტიის
† გრიგორი თესალონიკის
† ფოტი დიმიტრიადის
† მოსე ტორონტოს
† დიმიტრი ამერიკის
† ამბროსი ფილიპიის და მარონიის
† კვიპრიანე ოროპოსა და ფილის
† კლიმენტი ლარისისა და პლატამონის
† ამბროსი მეთონიის
† ავქსენტი ეტნისა და პორტლენდის
† ქრისტოდულე თეოპოლის
† მაქსიმე პელაგონიის
ქორეპისკოპოსები:
† დანიელი ნიკოპოლის (ჯაკარტის)
† კალინიკე ტალანტიის
† ბენედიქტე ასტორიის
†
„სიწმიდით მიწევნად აღდგომასა, პასექსა მას
საიდუმლოსა, რომლისა მიერ ადამ კვალად ეგო
პირველსა სამოთხისა ფუფუნებასა“.
(დიდი მარხვის მე-3 შვიდეულის ხუთშაბათის მწუხრის დასდებელი)
აღდგომილი მაცხოვრის მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!
კვლავ მივიწიენით წმინდა აღდგომამდე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების აღუწერელ და გამოუთქმელ სიხარულამდე; საიდულოთა გზით კვლავ ვიხმიეთ გემო ჩვენი სამგვამოვანი ღმერთის ზეციური სასუფეველისა; დავსტკბით ქრისტეს ეკლესიის ყოვლად დიდებული სხეულის ღვთაებრივი მშვენიერებით, რომელ არს „სამოთხე ახალი“; გვიხარის, განვსცხრებით რა ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის მიერ უსაზღვრო სახიერებით ჩვენთვის უხვად მონიჭებული სულიერი თავისუფლებით.
ისტორიულად პასექი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან თავისუფლებაში გადასვლის აღმნიშვნელია ქანაანის მიწაზე, სულიერად კი, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებით, იგი (წმინდა პასექი) უმდაბლესიდან უმაღლესში, მიწიერიდან ზეციურში, სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლას წარმოადგენს ქრისტიანთათვის (იხ. „სიტყვა აღდგომისათვის“).
პავლე მოციქულის მტკიცებით, „ზატიკად ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“ (1კორ. 5,7). ჩვენი ქრისტიანული საიდუმლო პასექი ეს არის შინაგანი მონობის შინაგანი თავისუფლებით შენაცვლება, ცოდვისა - სათნოებებით, შიშის შეცვალება შეუპოვრობით, მიწისა - ზეცით, სულიერი სიკვდილის - მარადიული სიცოცხლით, გაცვლა ეშმაკის მონობისა ღმრთის შვილთა თავისუფლებაზე.
მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ განგვიღო გზა ცხონებისა, თავად წარმოადგენს რა მარადიულ ცხოვრებასთან მიმყვანებელ „გზას“ (იოანე 14,6) და „კარს“ (იოანე 10,9). სულის სიღრმეში ჩვენ უკვე ცოდვის წყვდიადიდან მადლისმიერ ნათელში გადავდივართ. ვიდრე ღმერთკაც უფალთან ერთად ვვალთ, მისი ნათელი წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს, რათა „არა გვიბრკუმეს“ და „არა წარვსცეთ ფერჴი“ (იოანე 11,9-10) ღვთის შემეცნების საწინააღმდეგოდ ჩვენს წინაშე აღმდგარ ყოველ დაბრკოლებას (2კორ. 10,5).
ცოდვისგან განშორება, - შეგვახსენებს ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, - სიმდაბლესა და სინანულში, როგორც საფლავში შესვლას ნიშნავს. გარნა სწორედ იქ გვპოვებს ჩვენ ქრისტე და აღგვადგენს საიდუმლო აღდგომით უკვე ამ ცხოვრებაში, რითაც მისი ღმრთაებრივი დიდების თანაზიარად გვხდის (იხ. კატეხიზისი 13)!
* * *
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო,
დიდი მარხვის მთელი სამოღვაწეო პერიოდი ჩვენს სულიერ სვლასა და მსხვერპლს წარმოადგენდა, რათა ღირსეულად მივახლებოდით აღდგომის წმინდა და ნათელ დღესასწაულს. ჩვენს ვნებულ და მკვდრეთით აღმდგარ გამომხსნელთან შეხვედრისა და შეერთების სააღდგომო და ღვთაებრივი გრძნობა ჩვენი დიდმარხვისეული მომზადების საზომით განისაზღვრება. მხოლოდ განწმენდილი გრძნობების მქონე ადამიანებს ძალუძთ განიხარონ და განიცადონ ნათელი აღდგომისა. სიწმინდე, რომელიც მოითხოვს ხორციელ მარხვას, სულიერ თავშეკავებასა და სინანულის ცრემლებს და მათით მოიპოვება, თანხვდება უცდომელ მართლმადიდებლურ გადმოცემასა და გამოცდილებას.
რათა გავნათლდეთ ღმრთის თვალში, რათა ღირსნი გავხდეთ აღდგომის ღვთაებრივი ნათლისა, უნდა განვიძარცვოთ „კვართი თავშეუკავებლობისა“ და გამოვხადოთ ჩვენგან „ტყვე იგი ვნებათაჲ“, შევიმოსოთ „ბრწყინვალე კვართი მარხვისა, მოთმინებისა და კრძალულებისა“, რადგან მხოლოდ ამგვარი შინაგანი მდგომარეობით ვიქნებით ქრისტე მაცხოვართან ნამდვილ ერთობაში.
და აწ, რაჟამს დადგა სიხარული და განსვენება აღდგომისა, დადგა პერიოდი ზატიკობისა თვისითა ნუგეშის ცემითა და ყოველგვარი საზრდელის სიუხვით, ნუ დავივიწყებთ და ნუ მივატოვებთ ღმერთთან მიახლებისა და მასში მყოფობის ერთადერთ საშუალებას: თავშეკავებას, წმინდა გულს, ნათელ მლოცველ გონებას და ჭეშმარიტი სარწმუნოების, სინანულისა და სათნოებათა კეთილ საქმეებს.
* * *
უფლის მიერ საყვარელნო შვილნო,
დაე, ჩვენი ქრისტიანული ჩინება - წოდება და ცხოვრება მუდამ აღდგინებული, ცხოველსმყოფელი და ჭეშმარიტი იყოს იმ ჟამამდე, ვიდრე ჩვენი აღმდგარი მაცხოვარი არ მიგვიღებს ნეტარ განსასვენებელში, რომელიც სამართლად ელოდება მათ, „რომელნი მოკუდენ უფლისა მიერ“(გამოცხ. 14,13)!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
† მთავარეპისკოპოსი კალინიკე
ათენისა და სრულიად ელადისა
და
საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ეკლესიის
წმინდა სინოდი
საბერძნეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ეკლესია
წმინდა სინოდი
ოქმი № 3218
„ქალწულისაგან უფალი იესო მჴსნელი, განმანათლებელი,
ცხოვრება და მაცხოვარება, აწ იშუჱბის ბეთლემს შინა“.
ძვირფასო მამანო და ძმანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო!
მამათმთავარი ადამი ურჩებით წინ აღუდგა ღმერთს კეთილთა შინა სამოთხისათა და განიდევნა იქიდან და ჩვენ, მისი შთამომავლები, გვქმნა მემკვიდრე ღმრთაებრივი ნებისადმი მისი წინააღდგომისა. თითოეულ ჩვენგანში არის ღმრთაებრივი მორჩილების უარყოფისა და თავიდან აცილების მარცვალი, რომელსაც განდგომისა და სიკვდილისაკენ მივყავართ.
მაგრამ ახალი ადამი, უფალი იესო ქრისტე, სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა შობილი ბეთლემს შინა, ზეცით ქვეყანად გარდამოხდა, რათა არა მხოლოდ ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, არამედ იშვა თითოეული ჩვენგანისთვის, ადამის მწუხარე შთამომავლებისთვის, რომელთაც ასევე ვცოდეთ და დღესამომდე განვაგრძობთ შეცოდებას.
ჩვენ შეიძლება არ ვიცნობთ ძველ ადამს, მაგრამ როდესაც ვცოდავთ, ჩვენი ურჩებით სწორედ რომ მას მივემსგავსებით. და პირიქით, როდესაც არ ვცოდავთ და მეორე ადამის, უფალ იესო ქრისტეს კურთხეულ მორჩილებას ვიცავთ, მაშინ ჩვენს ახალ და ჭეშმარიტ მამათმთავართან ცნობასა და ურთიერთკავშირში ვიმყოფებით, რომელიც ძღვნად გვიბოძებს უცოდველობას! (შდრ. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, ანბანური თავნი, თავი 5).
ეს არის ყველაზე საკვირველი და მნიშვნელოვანი და უზენაესი ნაცნობობა ამ ცხოვრებაში - პიროვნული კავშირი მაცხოვარ იესო ქრისტესთან მის წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რათა მივაღწიოთ ჩვენს საუკუნო ღმრთაებრივ დანიშნულებას მამისა და ძისა და სულიწმიდის სამეუფოში!
* * *
განკაცებულმა უფალმა აღასრულა საღმრთო განგებულების ყოვლისმომცველი მაცხოვნებელი საქმე, რათა ღრმად გვჯეროდეს გამომხსნელი საქმისა, ვეზიაროთ მას გამოცდილებით და ამ გზით მოვიხვეჭოთ სულიწმიდის ნიჭი წმინდა საიდუმლოებებთან და სათნოებებთან ერთად. სულიწმიდის გარეშე ჩვენ ღატაკნი და უმწეონი ვრჩებით, უბედურნი და დაუცველნი საშიშროების წინაშე და არათანაზიარნი გამოხსნისა. ჩვენი ინტერესები შემოიფარგლება მიწიერი საგნებით, რომლებიც პროზაული, ხრწნადი, წუთიერი და წარმავალია, რის გამოც ვნებების კულტივირება და უკიდურესი აღგზნება იწვევს ომებსა და ბრძოლებს ჩვენს სამყაროში, ჩვენს შიგნით, ჩვენს გარშემო, მთელს დედამიწაზე...
მაგრამ როდესაც სულიწმიდას დავრთავთ ნებას მოვიდეს და დაადგრეს ჩვენ თანა, ის აღგვაორძინებს და განგვაახლებს, გაანათებს რა ჩვენს გონებას, სინდისს და ყველა ჩვენს გრძნობას. მაშინ წარმავალი ცხოვრება, რომელიც ბუდობს ჩვენში და სულს ხორციელი და ამქვეყნიური მიდრეკილებებითა და სურვილებით ხიბლავს, ადგილს უთმობს წარუვალის ახალსა და კურთხეულ მდგომარეობას. სწორედ ამგვარი გზით შევძლებთ ვიგემოთ ზეციური სიკეთეები, ვიხმიოთ მცირედი მათი სინათლისა და სითბოსი. ჩვენი სული ფრთოვან-იქმნება და სიხარულით თანაეზიარება ანგელოზთა მწყობრ გალობას; საღმრთო მშვიდობა და კურთხევა განივრცობა ჩვენი გულების ოდესღაც ბნელ, ლპობილ, ცივ და სტუმართმოძულე ნიადაგში.
ქრისტე იშვა, რათა რადიკალურად შეცვალოს კაცობრივი კრიტერიუმები და მოცემულობები, რათა შესაძლებელი გახადოს ის, რაც აქამდე წარმოუდგენელ და მიუწვდომელ მდგომარეობად და რეალობად ითვლებოდა. მოვიდა ქრისტე, რათა მოგვანიჭოს ჭეშმარიტი ცხოვრება, ესე იგი რათა ბოროტება გარდააქციოს სიკეთედ, ხრწნილება - უხრწნელებად, ცოდვა - სათნოებად, ჯოჯოხეთი - სამოთხედ, მიწა - ზეცად, კაცი - ღმრთად.
* * *
ძვირფასო ძმანო და დანო!
როგორ მიიღწევა ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სინანულით! სინანული ადამიანში სცვლის და გარდაქმნის ყოველივეს. ის თავის თავში მოიცავს შემოქმედ და ღმრთაებრივ ძალას, რომელიც ცოდვიდან სათნეობისაკენ მცირედი შეცვალებით იწყება და აღწევს ზღვარდაუდებელ სიწმინდეს.
როდესაც გონება სიბილწითა და მავნებლობით არ იქნება დაკავებული, სიტყვები მზაკვრობას შეწყვეტენ, გრძნობები - საქმით შეცოდებას, მაშინ იშვება ახალი ადამიანი: სულიერი კაცი. და ის არის ჭეშმარიტი ქრისტიანი.
როდესაც მწარე ცრემლით ვიგლოვთ შეცდომებს, როდესაც ჭეშმარიტი სინანულის აღთქმას დავდებთ და დავიცავთ მას, შევწყვეტთ რა მუდმივ დარღვევებს, მაშინ ადამიანი იცხოვრებს და წარემართება ქრისტეს მიერ. ის ყოველგვარი ძალისხმევით ეცდება არ ჩავარდეს არანაირ ბიწიერებასა, ურცხვობასა და მომხვეჭელობაში და ამით არ განვარდეს მადლისაგან. ის განსაკუთრებით მღვიძარე იქნება, რათა არ მიიდრიკოს სისასტიკის, შურისგებისა და ულმობელობისაკენ მოყვასის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, რათა არ დაკარგოს მაცხოვნებელი სინანული და ამით უსარგებლოდ და ამაოდ არ აქციოს თავისი ღვაწლი.
* * *
საყვარელნო ძმანო!
მოდით, ღმრთაებრივი ყრმის შობას ვიყოთ ერთგულნი და მართალნი, პატიოსანნი და წრფელნი, მოღვაწენი და მღვიძარენი, მხიარულნი და იმედით აღსავსენი, მონანულნი და მოწყალენი, მოთმინენი და მიმტევებელნი და რაც მთავარია - ნამდვილნი და არა თვალთმაქცნი. გვაკურთხოს ღმერთმან მშვიდობისა, სიყვარულისა და ჭეშმარიტებისამან და სუფევდეს ჩვენთანა, ვითარცა ემმანუელ, ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე საუკენეთა, ამინ!
ქრისტე იშვა!
შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი 2022
† კალინიკე მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა წმინდა სინოდის წევრები