ცაგერის შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი ქვისა და კაჟის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთებიც ადასტურებს. ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ცაგერში იყო ერთ-ერთი მძლავრი მეტალურგიული კერა. უძველესი დროიდან შუა აქ გადიოდა საქარავნო საერთაშოროისო გზა, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქს ფაზისს ჩრდილო კავკასიის ხალხებთან აკავშირებდა.

რაიონი განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი მრავალი ეკლესია და ციხე-სიმაგრე ადასტურებს. ცაგერს ხშირად აფარებდნენ თავს მტრისგან დევნილი სამეფო და სამთავრო ოჯახები და ასევე იყენებდნენ სამეფო განძის დასაცავად, რადგან იგი ძალიან კარგად დაცულ ადგილს წარმოადგენდა როგორც თავისი რელიეფით, ასევე ციხე-სიმაგრეებითა და კოშკებით.

“ქართლის ცხოვრებაში” მოხსენიებულია ცაგერში მდებარე კარგად ცნობილი ხვამლის მთა: “და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს”, რაც ადასტურებს ლეჩხუმში სამეფო განძთსაცავის არსებობას. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, კინო, სურათების გალერეა, კულტურის სახლი და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია კვების მრეწველობა, აქ არის ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები.

მუნიციპალიტეტში ასევე აქტიურად მისდევენ მეფუტკრეობას. საოცარი ბუნებით, მითებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით ცაგერი უამრავ ტურისტს იზიდავს. ეს რაიონი ერთ-ერთი განსაკუთრებული და შთამბეჭდავი მხარეა მოგზაურობის მოყვარულთათვის.

წყარო: georgiantravelguide.com

ცაგერს გაუმარჯოს!
ცაგერელებს სალამი!