რა ვნახოთ წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, ჩანჩქერები, ყვავილოვანი მდელოები, ტყეები და საოცარი ალპური ტბები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს.

მოლაშქრეთათვის განსაკუთრებით პუპულარულია ტობავარჩხილის ტბების ბილიკი და ქუაქანცალია. კლდეებს შორის მოქცეული კრიალა ტბები და მათი ჯადოსნური ხედები ზღაპრულ გარემოს ქმნის. უზარმაზარი მოქანავე ლოდი – ქუაქანცალია კი ნამდვილად შეგიქმნით მისტიკურობის განცდას. მართალია ტობავარჩხილის ტბები ბევრი მოხეტიალის ოცნებაა, თუმცა თუ ასეთი სირთულეებისთვის მზად არ ხართ, რაიონში უფრო მარტივად მისასვლელი ბევრი უმშვენიერესი ადგილი მოიძებნება, როგორიცაა: ინწირას ჩანჩქერი, მაგანას კანიონი, ბარხას მღვიმე და სხვა. გარდა ბუნების მშვენიერებისა, წალენჯიხა მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლითაც იქცევს ყურადღებას. ამ მხრივ რაიონის რაიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით.

წალენჯიხაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: სქურის ეკლესია, ჯვარის წმ. გიორგის ეკლესია, სქურის ციხე, ლეშამგეს ეკლესია და სხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი, რომლებიც ძალიან საინტერესოა, კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუკი მრავალფეროვან მოგზაურობასთან ერთად კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი სქური, რომელიც მწვანეში ჩაფლული გარემოთი და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლით მრავალ დამსვენებელს იზიდავს.

წყარო: georgiantravelguide.com

წალენჯიხას გაუმარჯოს!
წალენჯიხელებს სალამი!