ახალგორი (ყოფ. ლენინგორი) — დაბა და მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა უწოდეს თავისი საბჭოთა სახელწოდება (ლენინგორი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.
ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი მას იხსენიებს „მცირე ქალაქად“, რომელშიც „მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი“. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორი ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.
ახალგორის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ცხოვრობდა. XIV საუკუნიდან შედიოდა ქსნის საერისთავოში. 1569 წელს სიმონ I-მა ერისთავებს ღალატის გამო ახალგორი ჩამოართვა, თუმცა ერისთავებმა ის მალე დაიბრუნეს. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ქსნის საერისთავოს ცენტრი ქვენიფნევიდან ახალგორში გადაიტანეს, აშენდა ციხე-დარბაზები. ახალგორს ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს სხვა მხარეებთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასთან. ცნობილი იყო ახალგორული ხელოსნური ნაწარმი. იყო ქსნის საერისთავოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. აქ მოღვაწეობდნენ იესე ერისთავი, ელიზბარ ერისთავი და სხვები. 1781 წლისთვის ახალგორში 88 კომლი ცხოვრობდა და ის ქართლ-კახეთის სამეფოშ 8 ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი იყო.[2]
1934-1990 წლებში ეწოდებოდა ლენინგორი. 1960 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ლენინგორის სადაბო საბჭო აგრეთვე მოიცავდა სოფლებს დოლიანი, იკოთი და მოსაბრუნი. დაბაში მოქმედებდა ხე-ტყის, ყველ-კარაქის, ხილის წვენების და ლიმონათის ქარხნები, სამკერვალო და ავტოსატრანსპორტო საწარმოები, სტამბა, მეცხოველეობის და სატყეო მეურნეობები, კინოთეატრი და საავადმყოფო.
ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ დარჩა საქართველოს იურისდიქციაში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა მისი ოკუპაცია, შეიყვანა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში და ხელახლა უწოდა ლენინგორი.
ღირსშესანიშნაობანი
ლარგვისის მონასტერი,
წირქოლის ციხე (IX ს.),
ლომისის, არმაზის, ბიკარის ბაზილიკები,
ცხმორის ციხე,
ბალაანის კოშკი.
👉 ბიზნეს გეგმების სრული სია იხილეთ >>> https://www.gen.ge/business-plans/