ასპინძის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. ასპინძაში აღმოჩენილია ნამოსახლარები, ყორღანები, მეგალითური ნაგებობები და სამაროვნები, რაც ადასტურებს ამ ტერიტორიებზე ადრეულ ხანებში ცივილიზაციისა და დასახლებების არსებობას. ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია საროს ციხე-სიმაგრე. ასპინძა წერილობით წყაროებში პირველად IX ს-ის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების შინაომების აღწერისას იხსენიება. ეს სახელწოდება ქართულში სპარსულიდან შემოვიდა და იგი დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს აღნიშნავდა. ასპინძა შუასაუკუნეებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი იყო და მას მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებიც უკავშირდება.
1625 წელს გიორგი სააკაძემ ასპინძასთან ყიზილბაშთა ლაშქარი დაამარცხა. 1770 წელს კი ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ ოსმალებისა და ლეკების შეერთებულ ლაშქარს სძლია. ეს ტერიტორიები დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც რაიონში შემორჩენილი მრავალი ციხე-სემაგრე და ტაძარიც მოწმობს.
როგორც მხატვრული და ხუროთმოძღვრული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ვარძია. 1203 წელს ვარძიის მონასტერში შეიკრიბა მრავალრიცხოვანი ლაშქარი საქართველოს ყველა კუთხიდან, რომელმაც მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში დაამარცხა. ასპინძა ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა, ტოლოშის რაიონის სახელით, 1933 წელს კი მას ასპინძის რაიონი ეწოდა. დღესდღეობით ასპინძაში ფუნქციონირებს 2 თეატრი, 2 მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. რაიონში არის ორი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი. ბუნების სილამაზისა და კულტურული ძეგლების სიმრავლიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. სივრცეები, კლდეები, უძველესი ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. წყარო: georgiantravelguide.com
ასპინძას გაუმარჯოს!
ასპინძელებს სალამი!