რას ნახავ დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში უნდა ნახო ვრცელ ველზე ამოზრდილ კლდეზე, ბუდესავით მიშენებული ელიას მონასტერი. თუ ისტორიული თავგადასავლები გხიბლავს, აუცილებლად უნდა ესტუმრო მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია საბეჭდავები, სამკაულები, თიხისა და ბრინჯაოს ნივთები, საკულტო სკულპტურები და ა.შ. ძვ. წ. VI-I საუკუნეებიდან ვიდრე გვიან ფეოდალურ ხანამდე.

დედოფლისწყაროს მიმდებარედ შეგიძლია მოინახულო ხორნაბუჯის ციხე, ოზაანის ამაღლების ტაძარი, მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ნახევარუდაბნოს უნიკალური ლანდშაფტი დაგხვდება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. მთელი მისი სიდიადე რომ შეიგრძნო, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს უნდა ეწვიო, რომელიც მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს – არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს.

საინტერესოა ჭაჭუნას აღკვეთილიც – ქვიშებით, ქვიშაქვებით, თიხებით, ვულკანური ფერფლის შრეებითა და რიყნარებით. აქ ფრინველებზე დაკვირვებასაც შეძლებ და გაშლილ სივრცეში ლურჯად მოელვარე დალის წყალსაცავსაც ნახავ.
წყარო: georgia.travel

დედოფლისწყაროს გაუმარჯოს!
დედოფლისწყაროელებს სალამი!