წალკის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. წალკის მუნიციპალიტეტში ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც სოფელ განთიადში აღმოჩენილი უძველესი პეტროგლიფებიც ადასტურებს. პატარა ხრამის პეტროგლიფები ასამდე ნაკაწრ გამოსახულებას მოიცავს და მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.

წალკის მუნიციპალიტეტი, ისტორიული თრიალეთი, გახლავთ აგრეთვე თრიალეთის კულტურის კერა, აქ არის აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის მრავალი ყორღანი, რომელთა დიდ ნაწილსაც ამჟამად წალკის წყალსაცავი ფარავს. თრიალეთის ყორღანებშია ნაპოვნი საქართველოს ოქროს ფონდისა და სხვა სამუზეუმო ექსპონატების დიდი ნაწილი, მათ შორის ცნობილი თრიალეთის ოქროს თასი და თრიალეთის ვერცხლის თასი, რომლებიც კარგად ასახავენ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულში ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეს.

ისტორიული თრიალეთი, დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ისტორიულ წყაროებში პირველად I საუკუნეში იხსენიება. სხვადასხვა პერიოდში იგი სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთი მკვიდრი მოსახლეობისგან დაიცალა. 1829-1832 წლებში რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციამ თრიალეთში ოსმალეთიდან დევნილი სომხები და ურუმები დაასახლა. თავად სახელწოდება წალკა ისტორიულად დღევანდელ სოფელ სამებას ერქვა, რომლის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს წყალსაცავი ფარავს. X-XV საუკუნეებში წალკა თრიალეთის რელიგიური ცენტრი იყო. იგი ცალკე მუნიციპალიტეტი 1930 წელს გახდა.

დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. წამყვანი სფეროა ელექტროენერგეტიკა, აქ შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. განვითარებულია ასევე სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეკარტოფილეობა და მესაქონლეობა. წალკის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები. წალკის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. დაშბაშის კანიონი, წალკის წყალსაცავი, ტბები და სხვადასხვა პერიოდის ძეგლები უამრავ ტურისტს იზიდავს.

წყარო: georgiantravelguide.com

წალკას გაუმარჯოს!
წალკელებს სალამი!