მოკლე გზამკვლევი სტუდენტებისთვის 2025
EPAG-ის მენტორობის პროგრამა
რა არის EPAG-ის მენტორობის პროგრამა სტუდენტებისთვის?
● მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაცის წევრის, „მენტორის“ მიერ, მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს ჩამოიყალიბოს სწორი მოლოდინი პროფესიის მიმართ, შეიმუშაოს პერსონალური განვითარების გეგმა და უკეთ მოემზადოს მომავალი კარიერისთვის.
● EPAG-ი არის ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია. ის აერთიანებს 25 გაცვლითი პროგრამის 1000 ზე მეტ კურსდამთავრებულს.
ზოგადად რას გულისხმობს მენტორობა?
● მენტორობა არის უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გაზიარებით, სწორი მიმართულების მიცემითა და დადებითი ზეგავლენით, ადამიანის პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. ეს არის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
რა მოლოდინები უნდა მქონდეს მენტორთან მიმართებით? რა განსხვავებაა მენტორსა და ქოუჩს შორის?
● მენტორი არის ადამიანი, რომელიც აზიარებს თავის ცოდნას, უნარებს ან/და გამოცდილებას, რათა დაეხმაროს სხვას განვითარებასა და ზრდაში, ხოლო ქოუჩი არის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანს წინასწარ განსაზღვრული მიზნების მიღწევაში.
რას მივიღებ პროგრამაში მონაწილეობით?
● გაიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კონკრეტული პროფესიით მუშაობა
● უკეთ გააცნობიერებთ, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეთ არჩეულ პროფესიაში და როგორია მოსალოდნელი ყოველდღიური საქმიანობა
● მიიღებთ რჩევებს,როგორ გაზარდოთ პროფესიით დასაქმების შანსები
● განივითარებთ იმ საჭირო უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიფართოვოთ პროფესიონალური კონტაქტების წრე
● მიიღებთ რჩევებს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენასა და გასაუბრებისთვის უკეთ მომზადებასთან დაკავშირებით
● გაეცნობით მენტორის პირად გამოცდილებას, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას დაგეხმარებათ
რას არ უნდა მოველოდე მენტორობის პროგრამიდან?
● მენტორი არაა ვალდებული შემოგთავაზოთ სამსახური ან სტაჟირება
● მენტორი არ დაგეხმარებათ მეცადინეობაში
● მენტორი არ ჩაანაცვლებს ლექტორს
● მენტორი არ დაგიწერთ რეზიუმეს ან სამოტივაციო წერილს
● მენტორი ცალმხრივად ვერ გიკარნახებთ, როგორც წარმართოთ ამ პროგრამის ფარგლებში თქვენი თანამშრომლობა
● მენტორი არ დაგაძალებთ, რომ მისი აზრი და რჩევები გაითვალისწინოთ
● მენტორი მარტო ვერ უზრუნველყოფს თქვენი თანამშრომლობის წარმატებას, თუ თქვენ არ იაქტიურებთ და არ მოემზადებით მასთან შეხვედრებისთვის
როგორ მოვემზადო მენტორთან შეხვედრისთვის და როგორ დავამყარო პროფესიონალური კომუნიკაცია?
● მენტონთან თანამშრომლობა უნდა იყოს დამყარებული პიროვნულ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე.
● გახსოვდეთ, რომ პროგრამა პირველ რიგში თქვენთვის არის შექმნილი. მენტორისგან თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ მიიღოთ ვიდრე მენტორს თქვენგან.
● მოემზადეთ პირველი შეხვედრისთვის: გქონდეთ მენტორის საკონტაქტო ინფორმაცია, მოიძიეთ გარკვეული ინფორმაცია მისი მოღვაწეობის სფეროსადა იმ ორგანიზაციების შესახებ, სადაც მას უმუშავია.
● დაგეგმეთ სად შეხვდებით მენტორს და რა საკითხებზე გინდათ მასთან საუბარი.
შეეცადეთ მოელაპარაკოთ მენტორს, რომ პირველი შეხვედრა მაინც იყოს არადისტანციურ რეჟიმში. ეს დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთ გაცნობაში. რაც უფრო კარგად გაგიცნობთ მენტორი, მით უკეთ შეეძლება მოემზადოს შეხვედრისთვის და ასევე გაიზრდება მისი მოტივაცია.
● იყავით პროაქტიური. მენტორი უანგაროდ გეხმარებათ, გიზიარებთ თავის ცოდნას და გამოცდილებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ, როგორც წარმატებული პროფესიონალი, ის შეიძლება იყოს საკმაოდ დატვირთული თავის სამუშაო ადგილას და ყოველთვის კარგად ვერ მოემზადოს თქვენი შეხვედრისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კარგად მოემზადოთ შეხვედრისთვის, რომ დაეხმაროთ მენტორს მაქსიმალურად „გაიხსნას“ შეხვედრების დროს.
● თქვენთვის მისაღებ ფარგლებში მოუყევით მენტორს თქვენ შესახებ, მათ შორის ინტერესებისა და გატაცებების შესახებ, გაიგეთ მეტი მის შესახებ, უზრუნველყავით უკუკავშირი, გაეცით მეტი, რომ მიიღოთ მეტი. შეეცადეთ იპოვოთ საერთო ინტერესები და სხვა საკითხები, რაც გაერთიანებთ.
● გააცანით მენტორს პროგრამასთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინები. შეეცადეთ ერთობლივად ჩამოაყალიბოთ, თქვენი თანამშრომლების რეალისტური მიზნები. სწორი მოლოდინებისა და მიზნების ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება, როცა ორივე ჩათვლით, რომ ერთმანეთი საკმაოდ კარგად გაიცანით.
● მენტორს შეიძლება ძალიან მცირე ინფორმაცია ჰქონდეს იმ სასწავლო პროგრამაზე, რასაც უნივერსიტეტში გადიხართ და უჭირდეს შეაფასოს, რას გასწავლიან და რა დონეზე, ამიტომ მოემზადეთ, რომ მოკლედ მოყვეთ რა გისწავლიათ და რას სწავლობთ ამჟამად, რა არის თქვენი კარიერული მიზნები და რას აკეთებთ მათ მისაღწევად.
● ნუ შეგეშინდებათ, თუკი მენტორი ბევრს არ გელაპარაკებათ, ეს სიჩუმე არის თქვენთვის, რომ გაიხსნათ და მოუყვეთ მენტორს მეტი, მენტორი ასე უფრო დაგეხმარებათ.
● სთხოვეთ მენტორს, შეაფასოს თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი და ასევე ჩაგიტაროთ გარკვეულ ვაკანსიაზე რეალურთან მიახლოებული გასაუბრება.
● ჩაინიშნეთ კონკრეტული საკითხები, რაზეც გესაუბრებათ მენტორი. მოიძიეთ მათ შესახებ ინფორმაცია შემდეგ შეხვედრამდე. ეს დაგეხმარებათ შემდეგ შეხვედრა უფრო სასარგებლო გახადოთ.
● მოელაპარაკეთ მენტორს შეხვედრებს შორის პერიოდში, კონკრეტული ფორმით კომუნიკაციაზე.
● მოამზადეთ მენტორთან გასაგზავნი კითხვები, რომლებზეც გაინტერესებთ პასუხი და რომელიც შეესაბამება მენტორის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას. კითხვები მენტორს შეიძლება შეხვედრის დროსაც დაუსვათ, მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება წინასწარ გაუგზავნოთ.
● არ არის აუცილებელი, რომ დასმული კითხვები იყოს დახვეწილი, თქვენ ხომ პროფესიაში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამთ, თუმცა ისეთიც ჯობია არ იყოს, რომლებზეც პასუხს ინტერნეტის საძიებო სისტემითაც მარტივად იპოვნით.
დანართში მოყვანილია კითხვები, რომლებიც სტუდენტებს დაუსვამთ და საკითხები, რომლებიც მენტორებს თავისი ინიციატივით წამოუწევიათ. ეს კითხვები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარკვეული სახელმძღვანელო თქვენი კითხვების ჩამოყალიბებისთვის.
დანართი კითხვებით:
1. პროფესიონალური თვალსაზრისით რა ცოდნა ან უნარები აკლიათ სტუდენტებს ჩვენი სპეციალობით უმაღლესის დამთავრებისას, რომლებიც მოთხოვნადია სამუშაოს დაწყებისას და როგორ შეიძლება ამ ნაკლის აღმოფხვრა. (პრაქტიკული მეთოდების შესწავლა, პროგრამული უზრუნველყოფის ათვისება, კომუნიკაციის უნარების განვითარება და ა.შ.)
2. რას უნდა ველოდოთ მოცემულ ვაკანსიაზე მუშობის დაწყებისას, როგორი იქნება მოთხოვნები ახალი თანამშრომლის მიმართ (შეგიძლიათ მენტორს თქვენთვის საინტერესო რამდენიმე ვაკანსიის განცხადება გაუზიაროთ)
3. რა კითხვებს უნდა ველოდოთ გასაუბრებისას, როგორ მოვემზადოთ მათზე საპასუხოდ
4. როგორც მოვიძიო ინფორმაცია ორგანიზაციის და ვაკანსიით გათვალისწინებულ საქმიანობის შესახებ, რადგანაც სამუშაოს აღწერა ბუნდოვანი და გაუგებარია (უმეტეს შემთხვევაში ვაკანსიის აღწერა მართლაც არასრულად აღწერს საქმიანობას), მოსალოდნელი ხელმძღვანელების მენეჯმენტის სტილსა და ორგანიზაციაში არსებულ გარემოზე, კარიერული განვითარების პერსპექტიულობაზე
5. როგორი შეიძლება იყოს დამწყები თანამშრომლის სამუშაო დღე მოცემულ თანამდებობაზე, რა საქმიანობას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი
6. რა პრინციპების მიხედვით ხდება დამწყები თანამშრომლების შეფასება და როგორია მათი მოტივაციის სქემები. თქვენ როგორ აღწერდით დამაკმაყოფილებელ, კარგ და იდეალური დამწყებ თანამშრომელს
7. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ხელმძღვანლებთან, უკვე გამოცდილ - სტაჟიან ან ჩვენსავით დამწყებ თანამშრომლებთან ურთიერთობისას
8. მოცემულ თანამდებობაზე ან ორგანიზაციაში კარიერული განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები
9. რა პროფესიული უნარები იქნება სასარგებლო განვივითაროთ მუშობის პირველ ეტაპზე?
10. როგორ გავიღრმავოთ პროფესიული ცოდნა ჩვენთვის საინტერესო დარგის შესახებ, რა ლიტერატურას გავეცნოთ - სახელმძღვანელოებს, წიგნებს, სამეცნიერო სტატიებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, მოკლე მიმოხილვებს, სფეროს ახალ ამბებს, კონფერენციებზე გაკეთებულ პრეზენტაციებს და დისკუსიას, დარგის ლიდერების ბლოგებს ან ვიდეო ჩანაწერებს. რა დამატებით სასწავლო კურსების გავლას მირჩევდით, საქართველოში, საზღვარგარეთ, ან ონლაინ.
11. რა მომიჯნავე სფეროებში იქნებოდა სასარგებლო გარკვევა, რომ გავიფართოვოთ პროფესიულრი თვალსაწიერი და უფრო კონკურენტუნარიანი გავხდეთ?
12. პროფესიასთან დაკავშირებული მასალების გარდა, მირჩევდით თუ არა დამატებით მხატვრულ ლიტერატურას ან სხვა სახის ნაწარმოებებს ჩემი ზოგადი განათლებისთვის, რაც საბოლოო ჯამში პროფესიონალურ წარმატებასაც შეუწყობდა ხელს?
13. კონტაქტების დასამყარებლად და გასავითარებლად რა პროფესიულრ გაერთიანებებსა ან სხვა ჯგუფებში (მათ შორის, ონლაინ) იქნებოდა სასარგებლო გაწევრიანება და რა ღონისძიებებზე დასწრება.
14. როგორ გავიუმჯობესო „ნეტვორკინგის“ უნარები?
15. რა გავაკეთოთ, რომ შეგვამჩნიონ. როგორ დავიმკვიდრო პროფესიონალური რეპუტაცია - შევქმნა „პერსონალური ბრენდი“. როგორ ვწერო სოციალ ქსელებში, ხომ არ ვაწარმოო ბლოგი, youtube არხი, ან ვიაქტიურო Instagram-სა ან TikTok-ზე, მივიღო თუ არა მონაწილოება სტუდენტურ კონფერენციებში, მოხალისეობრივ პროგრამებში.
16. როგორ შეიძლება გავაგრძელოთ განათლება საზღვარგარეთ მაგისტრატურასა ან დოქტორანტურაზე. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. შეიძლება თუ არა გავიაროთ საზღვარგარეთ სტაჟირება, ან პირდაპირ ვიშოვოთ სამსახური
17. უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად ასევე ვმუშაობ ერთ ორგანიზაციაში და მაინტერესებს როგორც გამოვნახო მეტი თავისუფალი დრო. როგორც გავაუმჯობესო დროის მენეჯმენტი, რა მეთოდები არსებობს და თქვენ რას მირჩევდით
18. რა რჩევებს მომცემდით ოფისში ქცევასთან დაკავშირებით, რა არ უნდა გავაკეთო, ან რა ქცევა იქნებოდა მისასალმებელი. ხომ არ უნდა შევიცვალო იმიჯი.
19. უნივერსიტეტში ნასწავლი გარკვეულად განსხვავდება თქვენ მიერ გაზიარებული ან სამსახურში მიღებული პრაქტიკული მეთოდებისგან, რომელი არის სწორი და რომლით ვიხელმძღვანელოო.
20. ღირს თუ არა უცხოეთში წასვლა სასწავლებლად, თუ აჯობებს ეს დრო არ დავკარგო და საქართველოში განვივითარო კარიერა, რომ უცხოეთიდან დაბრუნებისას ადგილის გარეშე არ დავრჩე. რას მირჩევდით?
21. როგორც განვივითარო მოლაპარაკებების წარმართვის და სხვა პირის დარწმუნების, დათანხმების უნარი, თქვენი გამოცდილებიდან რა რჩევებს მომცემდით.
22. როგორ ჩამოვყალიბდე წარმატებულ ლიდერად ჩვენს პროფესიაში საქართველოში, რას მირჩევდით.
23. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალური ეთიკა ჩვენს პროფესიაში, ქცევის რა სტანდარტებია მიღებული და რა არის დასაშვები.
24. ვინაიდან დამწყები პროფესიონალებისთვის ხშირადაა შემოთავაზებული არაანაზღაურებადი სტაჟირებები, ხომ ვერ მირჩევდით რა ტიპის საქმიანობა შეიძლება შევუთავსო მოხალისეობრივ სტაჟირებას გარკვეული ანაზღაურების გამომუშავების მიზნით? ხომ არ იცით რა ტიპის ჯგუფებში შეიძლება გავწევრიანდე ადგილობრივ ბაზარზე არსებული freelancing შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად?
25. როგორ შეიძლება დამწყებმა პროფესიონალმა შეიქმნას რეალისტური წარმოდგენა ბაზარზე მისი კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის შესაფერისი და ღირსეული ანაზღაურების შესახებ იმ პირობებში, როცა ვაკანსიებში ხშირად არაა მითითებული სახელფასო შკალა?
26. ვინ არიან ჩვენს სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციები ან პროფესიონალები, რომლებთან მირჩევთ რომ დავამყარო თანამშრომლობა. როგორ დავამყარო კონტაქტი და დავაინტერესო ისინი. პირდაპირ დავუკავშირდე? საერთო ნაცნობები როგორ გამოვნახო? (ეს კითხვა ჯობია მოგვიანებით დაუსვათ, როცა მენტორი უკეთესად გაგიცნობთ)
არ არის მიზანშეწონილი ყველა ეს კითხვა მენტორს ერთიანად გაუგზავნოთ. აირჩიეთ თქვენთვის აქტუალური და დაიწყეთ საუბარი მათ გარშემო. თქვენი მენტორები გამოცდილი პროფესიონალები არიან და, სავარაუდოდ, მალე აუღებენ ალღოს, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.