მენტორის მოკლე სახელმძღვანელო
EPAG-ის მენტორობის პროგრამა
რა არის მენტორობა?
უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გაზიარებით, სწორი მიმართულების მიცემით და დადებითი ზეგავლენით, ადამიანის პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
რას მიიღებთ მენტორად პროგრამაში მონაწილეობით?
შესაძლებლობა მოგეცემათ, ურთიერთობა გქონდეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებთან, რომლებთანაც შესაძლოა მომავალში ითანამშრომლოთ, გაიგებთ მეტს დარგში სამომავლოდ დასაქმებული თაობის შესახებ, გაიზრდით მოტივაციას საკუთარი ცოდნის გაზიარებით, მიიღებთ მოხალისეობისა და ლიდერობის გამოცდილებას და განივითარებთ კომუნიკაციის უნარებს.
მენტორობა, როგორც პროცესი
● ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა
● დადებითი ცვლილებები
● ადამიანის შემოქმედებითობის, ინოვაციურობისა და მონდომების გაზრდა და გამოწვევებისთვის მზადყოფნა
● მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე მუშაობა
● ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და თვით-რეფლექსია
● უკუკავშირისა და მხარდაჭერის მიღება გამოცდილი პიროვნებისგან
რას მიიღებენ სტუდენტები პროგრამაში მონაწილეობით?
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ:
● გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით; რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს იგი არჩეულ პროფესიაში და როგორია ყოველდღიური საქმიანობა
● მიიღონ რჩევები, როგორ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსები
● რა უნარები განივითარონ, რა დამატებით ინფორმაციას გაეცნონ და როგორ გაიფართოვონ პროფესიონალური კონტაქტების წრე
● როგორ შეადგინონ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მოემზადონ გასაუბრებისთვის
● მიიღონ სხვადასხვა რჩევა თუ რეკომენდაცია სწავლისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ
● მოისმინონ მენტორის პირადი გამოცდილების შესახებ, როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი მაგალითები.
დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ
● მოემზადეთ პირველი შეხვედრისთვის: გქონდეთ სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია, მოიძიეთ გარკვეული ინფორმაცია მისი სწავლის სფეროს შესახებ, დაგეგმეთ, სად შეხვდებით და რა საკითხებზე ისაუბრებთ.
● უზრუნველყავით კომფორტული გარემო და მოუყევით, რატომ ჩაერთეთ მენტორობის პროგრამაში; გააცანით საკუთარი თავი, კარიერა და კარიერული მიზნებიც; გამოკითხეთ რას საქმიანობს და რა მიზნით ჩაერთო მენტორობის პროგრამაში.
● შეხვედრის მიმდინარეობისას გაიგეთ თქვენი სტუდენტის ამბიციები და მიზნები, გამოწვევები კარიერული განვითარებისას, მიღწევები, მოლოდინები და მიზნები.
● ნდობითი ატმოსმეროს ჩამოყალიბების შემდეგ, შეეცადეთ სტუდენტთან ერთად მალევე შეიქმნათ ერთნაირი მოლოდინი პროგრამის მიმართ. შეძლებისდაგვარად განსაზღვრეთ რა არის თქვენი თანამშრომლობის მიზნები და რა ნაბიჯებს გადადგამთ მათ მისაღწევად. განიხილეთ შეხვედრების სიხშირე, ადგილი, კომუნიკაციის მეთოდიები და სხვა დეტალები.
როგორ გავიგო კარგი მენტორი ვარ თუ არა?
● თქვენი სტუდენტი შეხვედრებს ესწრება და დადებითადაა განწყობილი
● სტუდენტი გულწრფელად გესაუბრებათ საკუთარ გამოწვევებზე, მოლოდინებსა და გეგმებზე
● სტუდენტმა ახალი ცოდნა მიიღო და ყურადღებით გისმენთ
● ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტი პროფესიულად და პიროვნულად განვითარდა
● თქვენი სტუდენტი პრაქტიკაში იყენებს თქვენგან მიღებულ რჩევებს
რამდენიმე რჩევა:
● წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სტუდენტს სწავლაში ეხმარებით და მას გადასცემთ საჭირო რესურსებს. არ იფიქროთ, რომ აუცილებელია თქვენ თვითონ „ყველაფერი იცოდეთ“.
● რჩევების მიცემასთან ერთად, გამოიყენეთ კითხვების დასმის ტექნიკაც. შეკითხვებით სტუდენტს დაეხმარებით უფრო ფართოდ და სიღრმისეულად მიუდგეს საკითხს. თუ მხოლოდ ფაქტებზე საუბრობს, შეეკითხეთ,როგორ გრძნობს თავს. თუ მხოლოდ გრძნობებზე ლაპარაკობს, შეეცადეთ ფაქტებიც განიხილოთ. თუ მხოლოდ პრობლემებზე კონცენტრირდება, შეეცადეთ გამოსავლის ძიებაში დაეხმაროთ. თუ კრიზისულ სიტუაციაშია, ამ პრობლემის მიღმაც დაანახეთ სრული სურათი.
● როცა სტუდენტი გთხოვთ, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და რჩევები. აუცილებლად ხაზი გაუსვით, რომ ყველა გამოცდილება განსხვავებულია. არ გადაჭრათ სტუდენტის პრობლემები და არც შედეგების „დაჩქარებას“ შეეცადოთ. გახსოვდეთ, რომ პიროვნული და პროფესიული ზრდა ყოველდღიური პროცესია.
ასევე მიაქციეთ ყურადღება შემდეგს:
● გაამხნევეთ და გამოიწვიეთ თქვენი სტუდენტი, გადაჭრას პრობლემები და მიაღწიოს მიზნებს.
● ჩაუნერგეთ თავდაჯერება.
● დაიმახსოვრეთ მნიშნელოვანი თარიღები, მაგ. გამოცდის თარიღი და მოიკითხეთ გულისხმიერად, წინასწარი დროის დანიშვნის გარეშე.
● გამუდმებით შეეცადეთ იფიქროთ თქვენს მენტორობის მიღწევებზე და რა შეიძლება გაუმჯობესდეს. ამასთან დაკავშირებით სტუდენტსაც ელაპარაკეთ.
● და ბოლოს, შეეცადეთ მენტორობა სასიამოვნო გამოცდილებად გადააქციოთ.