პირველი სახელმწიფოები მალაიზიის ტერიტორიაზე (ლანკასუკა, ტამბრალინგა, ტაკოლა, კედაჰი და სხვა) მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით — ინდოეთიდან ჩინეთში მიმავალი სავაჭრო გზების გზაჯვარედინებზე წარმოიშვა. XV-XVI საუკუნეებში მალაკის ნახევარკუნძული, არქიპელაგი რიგაუ და კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთი ნაწილი გაერთიანდა და მალაკის სასულთნოს ძალაუფლებას დაექვემდებარა. ამავე პერიოდში აღზევდა კუნძულ კალიმანტანის ჩრდილოეთით ბრუნეი, რომლის სულთნებმაც კუნძულის თითქმის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილეს. XVI საუკუნეში ისლამი სახელმწიფო რელიგია გახდა.
1511 წელს პორტუგალიელებმა მიიტაცეს მალაკის სასულთნო. მალაკის დასავლეთ ნაწილში — მალაიაში შეიქმნა რამდენიმე სასულთნო. მათგან ყველაზე ძლიერი იყო ჯოჰორი, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში მალაიის სახელმწიფოს ცენტრი გახდა. 1641 წელს ჯოჰორის სასულთნოსთან შეკავშირებულმა ნიდერლანდელებმა მალაკის მთელი ნახევარკუნძული დაიპყრეს. ნიდერლანდელი კოლონიზატორები, რომლებიც ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ კონტროლი ვაჭრობასა და კალის გატანაზე მალაკის სრუტეში, შეეჯახნენ ჯოჰორს. ჯოჰორი XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში განიცდიდა სერიოზულ საშინაო და საგარეო სიძნელეებს. ჯოჰორთან ორი ომის (1756-1758 და 1783-1787) შედეგად ნიდერლანდელებმა მას თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება. XVIII საუკუნის ბოლოს ჯოჰორი რამდენიმე სამფლობელოდ დაიშალა. XVIII საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ინგლისელმა კოლონიზატორებმა მიიტაცეს მალაიის ტერიტორია, დააარსეს კოლონიები სტრეიტს-სეტელმენტსი და ბრიტანეთის მალაია. 1888 წელს დამყარდა ინგლისის პროტექტორატი საბაჰსა და სარავაკში.
XX საუკუნის დასაწყისში მალაია, საბაჰი და სარავაკი დიდი ბრიტანეთის აგრარულ-სანედლეულო დანამატად (კაუჩუკისა და კალის მიმწოდებლად) გადაიქცა.
1941 წლის დეკემბრიდან 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დროს, მალაიზიის ტერიტორია იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. დამყარდა სამხედრო-კოლონიური რეჟიმი. 1943 წელს ქვეყანაში ფართოდ გაიშალა ანტი-იაპონური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც იაპონიის ჯარების განადგურებით დასრულდა. 1945 წელს მალაიზიაში ისევ ინგლისელები დაბრუნდნენ. მათ სცადეს ძველი წესების აღდგენა, 1946 და 1948 წლების კონსტიტუციური რეფორმების შედეგად მალაიას გამოეყო სინგაპური. 1946 წელს შეიქმნა ინგლისის კოლონია მალაის კავშირი (1948-იდან მალაის ფედერაცია). 1946 წელს სარავაკი და საბაჰი დიდი ბრიტანეთის კოლონიების სამინისტროს გამგებლობაში გადავიდა. 1948 წლის ივნისში იფეთქა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რის გამოც ინგლისის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 1957 წლის 31 აგვისტოს ინგლისელი კოლონიზატრორები იძულებულნი გახდნენ მალაის ფედერაცია ეღიარებინათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში. 1957 წელს მიიღეს კონსტიტუცია. ამავე წელს დაიდო ხელშეკრულება თავდაცვისა და ურთიერთდახმარების შესახებ მალაის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის, რომლის მიხედვიდაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მალაიის ტერიტორიასა და სინგაპურში შეიარაღებული ძალების განლაგების უფლება მიიღეს.
1957 წელს მალაიზია გაეროს წევრი გახდა. 1963 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა მალაიზიის ფედერაცია ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში, რომელშიც შევიდნენ მალაიის ფედერაცია, სინგაპური, საბაჰი და სარავაკი. ფედერაციაში ჩრდილოეთ კალიმანტანის შესვლის გამო ინდონეზიამ და ფილიპინებმა მალაიზიასთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.
მალაიზიის მეღვინეობა , მალაიზიური ღვინო , მეღვინეობა მალაიზიაში , მალაიზია , მალაიზიური , მალაიზიის , მალაიზიაში