ქცევის დარღვევის მკურნალობა

– ქცევის დარღვევის მკურნალობა რთული პროცესია. ეს პრობლემა კომპლექსურ – მედიკამენტურ და ფსიქოთერაპიულ – მიდგომას მოითხოვს. აუცილებელია ფსიქიატრის ჩარევაც. შედარებით ადვილია პრობლემური ქცევის პრევენცია, რისთვისაც მიზეზის დადგენა და სწორი სტრატეგიის შერჩევაა საჭირო. იგივე შეიძლება ითქვას მსუბუქი ფორმის დარღვევის, ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის შესახებაც. ასეთ შემთხვევაში ეფექტურია თამაშით თერაპია და იმ გარემოს მოწესრიგება, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა აქვს “ცუდი ყოფაქცევის” ბავშვის მიმართ მშობლებისა და მასწავლებლის დამოკიდებულების შეცვლას, რაც, სამწუხაროდ, არც ისე ადვილია, რადგან უფროსებისგან არა მხოლოდ ბავშვზე დაკვირვებას, არამედ თვითკონტროლსაც მოითხოვს, სახელდობრ, იმის ცოდნას, როდის, რა, როგორი ტონითა და გამომეტყველებით უნდა უთხრან ბავშვს. ქცევასთან დაკავშირებით მშობლების ადეკვატური რეპლიკები ბავშვის ქცევის მოწესრიგების მთავარი საშუალებაა.

საზოგადოდ, ბავშვის ქცევის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლების განათლებას. ისინი, როგორც ზემოთაც გითხარით, აფასებენ ქცევას და უჭირთ მისი აღწერა, ყურადღებას არ აქცევენ, რა უძღვოდა წინ ან რა მოჰყვებოდა ასეთ ქცევას. პირველ რიგში მშობლებს ქცევის აღწერა უნდა ვასწავლოთ: რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ ბავშვი გონებაგაფანტული ან მოუსვენარია? ვასწავლოთ დაკვირვება ქცევაზე, მის წინა და შემდგომ მოვლენებზე. საკუთარი შვილის “აუტანელი” საქციელის გაგება მხოლოდ ასე თუ შეიძლება. ამასთან ერთად, მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია მშობლების მიერ ქცევის ახალი სტრატეგიების ათვისება ბავშვის პრობლემური ქცევის მიმართ. ეს ყველაზე რთული ნაწილია, რადგან მშობლები ხშირად მიიჩნევენ, რომ ბავშვს განკურნავს არა მათი ძალისხმევა, დამოკიდებულების შეცვლა და ადეკვატური რეპლიკები, არამედ წამლები. ყველაზე მეტი დრო ასეთი განწყობის შეცვლასა და მკურნალობაში მშობლების აქტიურ ჩართვაზე გვეხარჯება, მაგრამ ეს დრო არ გვენანება, რადგან ბავშვის ქცევის გაუმჯობესების უტყუარი გარანტიაა.

ამონარიდი : https://www.aversi.ge/cnobari/1181/rogor-movarjuloT-jiuti-bavSvi