ძვირფასო პედაგოგებო! გიწვევთ ჩვენს ფეისბუქჯგუფში „რესურსები ისტორიის პედაგოგებისთვის“ 👉
ვლადიმირ ნაბოკოვი
თარგმანი თამარ ლომიძისა
ყდა: რბილი
ზომა: 170 x 120 მმ
გვერდების რაოდენობა: 379 გვ
ISBN: 99928-924-1-2
ნაზი თრთოლა და გზნება – გულისგამგმირავი სევდისა და ენამწარე მახვილგონიერების თანხლებით – აი, რით არის გაჯერებული “ლოლიტა”, ნაბოკოვის ყველაზე გახმაურებული რომანი. იგი მოგვითხრობს მოწიფული ჰუმბერტ ჰუმბერტის შეპყრობილი, ზღვარგადასული და საბედისწერო სიყვარულის შესახებ ნიმფეტი დოლორეს ჰეიზის მიმართ. გარდა ამისა, “ლოლიტა” არის ამბავი ჰიპერცივილიზებული ევროპელის შეჯახებაზე ომისშემდგომი ამერიკის ჭკუამხიარულ ფარისევლობასთან. ყველაზე მეტად კი ეს რომანი არის მედიტაცია სიყვარულის თემაზე, სიყვარულისა, რომელშიც ჭარბობს ზღვარგადასული ვნება, ჰალუცინაცია და სახიობა.
“თავისუფალ ქვეყანაში არც ერთი ნამდვილი მწერალი, რა თქმა უნდა, არ უნდა ზრუნავდეს სამანის გავლებაზე იქ, სადაც მთავრდება გრძნობა და იწყება მგრძნობელობა. ჭეშმარიტად კომიკური დავალებაა! მე შემიძლია აღტაცება გამოვთქვა, მაგრამ არ შემიძლია მივბაძო ფოტოგრაფთა თვალის სიზუსტეს, რომელნიც იმგვარად უღებენ სანდომიან ნორჩ ძუძუმწოვრებს საჟურნალე სურათებს, რომ მათი დეკოლტეს საზღვარი საკმარისად დაბლაა, რათა ფილისტერმა კბილები გადმოყაროს და საკმარისად მაღლაა, რომ ფოსტმაისტერმა კოპები არ შეკრას. ვფიქრობ, არსებობს მკითხველი, რომელსაც აღაგზნებს ღობეებისთვის დამახასიათებელი სიტყვების უბრალოდ დანახვაც კი იმ უზარმაზარ, უიმედოდ უხამს რომანთაგან რომელიმეში, საბეჭდ მანქანაზე ყოვლად უნიჭო ყოჩაღი ბიჭის ბლაგვი საჩვენებელი თითის კაკუნით რომ იშობა და რომელთაც რეგვენი რეცენზენტი ოჩოფეხება ქება-დიდებით მიესალმება. ვიცი, მოიძებნებიან ნათელი პიროვნებებიც, რომლებიც “ლოლიტას” უშინაარსო წიგნად მიიჩნევენ, იმის მომიზეზებით, რომ იგი არაფერს გვასწავლის. მე არც ვკითხულობ და არც ვქმნი დიდაქტიკურ ბელეტრისტიკას, და რასაც არ უნდა ჩმახავდეს ძვირფასი ჯონ რეი, “ლოლიტა” სულაც არ არის ბუქსირი, რომელიც მორალის ოჩხომელს ეზიდება. ჩემთვის მოთხრობა ან რომანი არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მანიჭებს იმას, რასაც უბრალოდ ვუწოდებ ესთეტიკურ ტკბობას, ხოლო, უკანასკნელი, თავის მხრივ, მე მესმის როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელშიც თავს გრძნობ – როგორღაც, სადღაც, რაღაცით – ყოფიერების სხვა ფორმებთან კავშირში, სადაც ხელოვნება (ე.ი. ცნობისმოყვარეობა, სინაზე, სიკეთე, სიმწყობრე, აღფრთოვანება) არის ნორმა. ყოველივე დანარჩენი ან ჟურნალისტური აბდაუბდაა, ან, ასე ვთქვათ, დიდი იდეების ლიტერატურა, რომელიც, თუმცაღა, ხშირად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი აბდაუბდისგან, მაგრამ ამის მიუხედავად მას წარმოგვიდგენენ თაბაშირის უზარმაზარი კუბების სახით, რომლებიც უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გადააქვთ საუკუნიდან საუკუნეში, სანამ არ გამოჩნდება ვინმე მამაცი, ჩაქუჩით ხელში, და ერთს კარგად არ დასცხებს ბალზაკს, გორკის, თომანს მანს.”
ვლადიმირ ნაბოკოვი
“ნაბოკოვი წერს პროზას ერთადერთი წესით, რომლითაც იგი შეიძლება იწერებოდეს... ანუ გზნებით”.
ჯონ აპდაიკი
ენტონი ბერჯესი
თარგმანი გია ჭუმბურიძისა
ყდა: რბილი
ზომა: 170 x 120 მმ
გვერდების რაოდენობა: 171 გვ
ISBN: 99928-926-3-3
ირაკლი ჩარკვიანი
ყდა: რბილი
ზომა: 200 × 137 მმ
გვერდების რაოდენობა: 179 გვ
ISBN: 978-99940-64-37-3
“ორი რომანი ერთში”, ასე ახასიათებს ავტორი თავის “ავტორომანს”, რომელშიც, ერთი მხრივ, წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ “მეფეს” და, მეორე მხრივ, მოგითხრობთ ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის, რუმის თანამედროვე რეინკარნაციისა და თანამოსახელის, ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ.
“მშვიდი ცურვა” არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, რომლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა საბჭოეთიდან თავის დაღწევას ანუ “გაპარვას” ნარკოტიკებს მიტანებული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი; რა კავშირშია რუმი ლენინთან, რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა “მეფე” და რატომ სურდა მუსიკოსსა და მომღერალს, რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას დამსგავსებოდა.
ზაზა ბურჭულაძე
ყდა: რბილი
ზომა: 180 × 135 მმ
გვერდების რაოდენობა: 208 გვ
ISBN: 99928-926-8-4
ანტირომანი “მინერალური ჯაზი” 2004 წლის სალიტერატურო პრემია “საბას” ნომინანტია.
გამოხმაურებები რომანის შესახებ:
“ნამდვილი მწერალი თამაშობს: ერთმანეთისთვის მანამდე უცნობ სიტყვებს დაამეგობრებს და ტრივიალური გონებისთვის მოულოდნელ წყვილებს ქმნის. ენათმეცნიერი იტყოდა, მისთვის ამა თუ იმ სიტყვის ვალენტობა რელევანტური არ არისო. ერთმანეთს შეუხვედრელი სიტყვები ათას წელს იცხოვრებდნენ ცალ-ცალკე და ვირტუალურად შესაძლებელი რომელიმე მსაზღვრელ-საზღვრული არასოდეს არავის მიერ არ წარმოითქმებოდა არც ერთ ენაზე, სწორედ ამ მწერალს რომ არ მოენდომებინა მისი გამოგონება, და არა მხოლოდ გამოგონება, არამედ გასათაურება, ანუ გაუნიკალურება, ანუ გაუკვდავება. სიტყვათა სწორედ ასეთი უეცრად ჯანსაღი წყვილია “მინერალური ჯაზი” Ã მაცოცხლებელი ბუნებისა და ცოცხალმკვდარი კულტურის შეხვედრა ახალ ქართულ რომანში. ესაა ერთდროულად თხევადი ჯაზი და გაჯაზებული შუშხუნა სითხე, ანუ სინკოპირებული ცნობიერების ნაკადი, რომელიც რეტრადიციული წვალებით იმკვიდრებს საკუთარ კალაპოტებს. ვერცხლის ფერი, რომელიც ამ ნაკადს დაჰკრავს, ლაღობით შეურყვნელი ტალანტის ფერია. წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ.”
– ლევან ბერძენიშვილი
*
“მინერალური ჯაზი” რომანი-მეტატექსტია დაუწერელ რომანზე, უფრო ზუსტად, რომანზე, რომლის წერას ავტორი იწყებს, მაგრამ შემოქმედებითი კრიზისის გამო ვეღარ განაგრძობს. იგი არ კარგავს იმედს, რომ მუზა მისკენ გამოიხედავს, და მუზის მოლოდინში ცხოვრებაზე, მწერლობაზე, მუსიკაზე, თავის მომავალ პერსონაჟებზე საუბრით სურს, რომ შეგვიყოლიოს, რასაც, წარმოიდგინეთ, ახერხებს კიდეც. “წარმოიდგინეთ”-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ... როგორი წარმოსადგენია რომანის ოდენა მეტატექსტი, რომელიც თავს წაგაკითხებს! ზაზა ბურჭულაძის რომანი-მეტატექსტი კი არა მარტო იკითხება, სულმოუთქმელადაც იკითხება.
– ლევან ბრეგაძე
*
“ეს არის არა მარტო სიტყვებით, არამედ ბგერებით, ფერებით, ფორმებითა და ფორმულებით დაწერილი ტექსტი. ეს არ არის მარტო შემოქმედება, “მინერალური ჯაზი” თვით შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს დასასრული.”
– გიორგი გვახარია
*
“გადააქცევს “მინერალური ჯაზის” ავტორი დასაქცევ-დამაქცევარ წყალს ბოლომდე შესასმელ მათრობელ ღვინოდ? დადგება დაუდეგარი მაჭარი, რომლის ამომავალ სიძელგეს წინათგრძნობს სასა? ან რჩება თავისთავადურ ქმნილებად, რომლის მღვრიე სიბრუეში მაინც ფხიზლობს თვალი? თუ უფსკრულზე ქანაობს სამყარო, საყრდენი მყარია. თუ გზა თვითმიზანია, არის მიზანიც.”
– ზურაბ კიკნაძე
*
“რატომ ანტირომანი? განა რომანების ჭარბმა წარმოებამ შეგვაწუხა უკვე? ვფიქრობ, ჟანრის განვითარების თავისთავად ულმობელი კანონების ბრალი უნდა იყოს ეს განსაზღვრება – “ანტირომანი”. აქ უფრო ტრაგიკული შეკითხვა ისმის: შეიძლება თუ არა ქართველს ჰქონდეს ისტორია? საქართველოს კი არა, ქართველს-მეთქი! იმ ჩვეულებრივ ქართველს, რომლის პირადი გამოცდილება საბოლოოდ უიმედოდაა ჩანაცვლებული ჯგუფური მეთოდოლოგიით? იქ, სადაც გამოცდილება ერის მონოპოლიაა, სათავეში ფსევდორომანი დგას. ამას კი სინდისიერ მწერალს სიკვდილი ურჩევნია... სიკვდილი ან ანტირომანი.
... ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, ¶ ამ წიგნიდან მოყოლებული იქნებ შენც გამოეთხოვო შენის უკვდავის სიცოცხლის რომელიღაც შავ დღეს აკიდებულსა და მოყირჭებულს უბიწოებას და ბოლოს და ბოლოს იქმნა ის, რაც უნდა იყო და რაც ოდესღაც უკვე იყავ: საშუალება და არა მიზანი...”
– ნოდარ ლადარია
*
“მინერალური ჯაზი” მოცულია მკითხველის მძაფრი მოლოდინით: მოლოდინი თან სდევს და მსჭვალავს მთელ ტექსტს, Ã თუმცა ვინც ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩაუსაფრდება, ირონიული გაწბილება ელის; ვინც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ლიტერატურული განცხრომის ძიებას შეუდგება, მისი გარჯა უეჭველად ანაზღაურდება.”
– მერაბ ღაღანიძე
*
“ხელიხელსაგოგმანები წიგნი გამოვეცით ჩვენ, პატივმოყვარეთ. თანაც დახე, დასავლური სარეკლამო მოდის ბოლო წივილ-კივილის გათვალისწინებით გავაჯაზეთ – ქებანი მისნი მთელ გარეკანზე უხვად მიმოვაბნიეთ და მერმე, აგე, სატიტულო გვერდსაც კი დავასწარით თვალთა შენთა ხელახლა დასაპყრობად და გულის უღრმეს კუნჭულებში მიმალულ სიმთა ასატოკებლად, მკითხველო. მაგრამ, აბა განა რა დასაძრახია ის ამბავი, თუკი ღირსეულთ კაცთა საქებარ სიტყვას მკითხველს დროულად აუწყებ და ამით წიგნის ღირსებებს მიჩქმალვას გადაარჩენ? და მაინც, ვაღიარებთ, რომ დიაღაც მკითხველთა ლეგიონების მოსაზიდად მოვაწყეთ მსგავსი ხრიკ-ოინი ჩვენ, ანგარებით აღსავსეთ. აქა ავტორი დასტურ იტყოდა: “უფალო შეგვიწყალენ! (3-ჯერ)”.
ეჰეი, მკითხველო, დარჩი ჩვენთან, ანუ შეუერთდი ცინცხალ სიტყვას მოწყურებულ “წიგნისა მღილთა” სპა-ჯარს, მოგვიტევე შენაც მოდის კერპისადმი გაღებული ხარკნი და შესაწირავნი ჩვენნი უსაზომონი, და გპირდები, ამგვარ და ამაზე უარეს, ოღონდაც რომ დამატყვევებლად გულახდილ “ცუნდრუკსიტყვაობას” კიდევ მრავლად იპოვი ამ ქმნილებაში, რომელსაც უმალ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხს შევადრიდი, ვინემ ფუჭსიტყვაობის უმაქნის ფეიერვერკებს.”
– ლაშა ბერაია, “მინერალური ჯაზის” გამომცემელ-პანეგირისტი
ზაზა ბურჭულაძე
ყდა: რბილი
ზომა: 180 × 135 მმ
გვერდების რაოდენობა: 151 გვ
ISBN: 99928-927-8-1
“სახარება ვირისა” 2003-4 წლების მოვლენის, “წინანდლის” პრემიის ლაურეატის, “საბას” და სახელმწიფო პრემიების ნომინანტის – “მინერალური ჯაზის” – ავტორის, ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანია; ენობრივ თამაშსა და კულტურულ რემინისცენციებზე აგებული მორიგი აღსარება, რომელიც კვლავ ჰპირდება მკითხველს ნამდვილ ლიტერატურულ განცხრომას. წიგნს ახლავს თემატური ილუსტრაციები (მათ შორის ცნობილ ევროპელ მხატვართა ნამუშევრები) და დართული აქვს გაგა ლომიძის კულტუროლოგიური კომენტარები.
პატრიკ ზიუსკინდი
ყდა: რბილი
ზომა: 140 × 100 მმ
გვერდების რაოდენობა: 115 გვ
ISBN: 978-99940-64-07-6
პატრიკ ზიუსკინდი ფართოდ ცნობილი რომანის, “სუნამოს” (იგივე “პარფიუმერის”) ავტორია. იგი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში.
სხვადასხვა დროს დაწერილი სამი მოთხრობისა და ერთი მხატვრული “დაკვირვებისგან” შედგენილი წინმდებარე კრებულით ზიუსკინდი მცირე პროზის შესანიშნავ ოსტატად გვევლინება.
“პატრიკ ზიუსკინდის ენობრივ-რიტმული ელეგანტურობა მის მოთხრობებს სიმსუბუქეს ანიჭებს, რომელიც – ყოველგვარი ამჩატების გარეშე – სიმძიმეს დამთრგუნველობისგან ათავისუფლებს, ხოლო მეორეხარისხოვანს მნიშვნელობას სძენს. ესოდენ გონებამახვილური ამაღელვებლობით და მაინც ოსტატური დისტანცირებითაა აქ ყოველივე მოთხრობილი”.
კონრად ჰაიდკამპი / ცაიტი, ჰამბურგი
ნატო დავითაშვილი
ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზის ჟანრის წიგნი
ყდა: მაგარი
ზომა: 222 × 150 მმ
გვერდების რაოდენობა: 317 გვ
ISBN: 978-9941-418-28-0
როცა ცა და დედამიწა გაყრილები არიან, გზა არ გზობს და კაცთა მოდგმა მტერსაც კი აღარ მიაჩნია მეტოქედ, სამყაროს უკანასკნელ იმედად მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი, უტეხი სულის მოხუცი მუსიკოსი და გულადი ბიჭი დარჩენია – ნისლებშიც და ნისლებს მიღმაც მხოლოდ რჩეულთ უწერიათ ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვა.
ასე მოიაზრა მწერალმა ნატო დავითაშვილმა ქართულ მითოლოგიაზე დამყარებული ფენტეზის ჟანრის კიდევ ერთი წიგნი. მკითხველი გულგრილი ვერ დარჩება ახალი გმირების მიმართ, რომელთა ძალისხმევაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ადამიანთა მოდგმა ვერაგი ნისლეულისგან თავის დაღწევას.
რატი რატიანი
ყდა: რბილი
ზომა: 190 × 120 მმ
გვერდების რაოდენობა: 94 გვ
ISBN: 978-99940-64-98-4
რატი რატიანისთვის დამახასიათებელია ის, რაც ასე აკლია ბევრ თანამედროვე ქართველ მწერალს – მას აქვს საკუთარი, გამორჩეული სამწერლო ენა, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებს და შეუძლებელია, სხვაში აგერიოს. ერთი ხელის მოსმით ინგრევა მითი “დამწყები” მწერლის შესახებ, რომელიც ჯერ ძიებაშია, სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება და საკუთარი, ორიგინალური ენა ვერ უპოვია. ამ ავტორმა ეს დასაწყისშივე მოახერხა, რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად გამოჩნდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში თავისი მოთხრობებით. რატიანის მოთხრობების ენას მე პირადად “რომანის ენას” დავარქმევდი, დინჯი, აუღელვებელი თხრობა, დეტალიზაციის შესაშური სიზუსტე და რთული სინტაქსური კომპოზიცია – ეს ელემენტები შეადგენენ ნამდვილ პროზას, რომელიც მოკლებულია ფსევდოიმპრესიონისტურ ჩანახარუტობასა და მოყირჭებულ ნატურალიზმს (ქალაქური სლენგით დაწყებული, სხვადასხვა კილო-კავებით დამთავრებული), რაც უკვე მრავალია წელია ქართული მცირე პროზის ავადსახსენებელ “სავაჭრო ნიშნად” იქცა. რატი რატიანი იმ იშვიათ გამონაკლისებს მიუკეთვნება, ვინც თხრობის მკვეთრად ინდივიდუალურ სტილს მიაგნო, რომელიც ზუსტად ერგება მისი მოთხრობების “ურბანულ” თემატიკას. ურბანულობა და რომანის ენა შემთხვევით არ მიხსენებია ერთ კონტექსტში: რატიანის მოთხრობების პირველი კრებული (რომელშიც მისი ტექსტების მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია შეტანილი) იმედს მაძლევს, რომ ამ ავტორისგან ასე ნანატრ, თანამედროვე, გამართულ და სერიოზულ ქართულ რომანს უნდა ველოდოთ.
დავით გაბუნია
მარი ლუიზე კაშნიცი
ყდა: რბილი
ზომა: 200 × 140 მმ
გვერდების რაოდენობა: 111 გვ
ISBN: 99928-928-2-X
წიგნში შესულია მარი ლუიზე კაშნიცის ლექსები კრებულიდან “Überallnie” (“ყველგანაროდეს”), რომელიც პოეტმა თავად შეადგინა და ქრონოლოგიურად დაალაგა. ქართული გამოცემა შეიცავს ორ ციკლს: “შენი დუმილი – ჩემი ძახილი” (1958-1961) და “ეს ერთი სიტყვაც” (1962-1965), ასევე რამდენიმე ლექსს ადრინდელი ციკლებიდან. ეს ამონაკრები კარგად წარმოაჩენს იმ გზას, რომელიც პოეტმა “უმკაცრესი შინაგანი ჭეშმარიტების” ძიებაში განვლო.