პოლიტოლოგია

ნაციონალური იდენტობა

ენტონი დ. სმიტი


ყდა: რბილი
ზომა: 200 × 140 მმ
გვერდების რაოდენობა: 278 გვ
ISBN: 978-99940-64-36-6


რატომ არიან ადამიანები ნაციის ერთგულნი – ოჯახის, რეგიონის, კლასის და რელიგიის დარად? როდის გარდაიქმნება ნაციონალური იდენტობის ჯანსაღი გრძნობა ავბედით ნაციონალიზმად? რა ეთნიკური საფუძველი აქვს ასე მრავალრიცხოვან თანამედროვე კონფლიქტებს? შესაძლებელია თუ არა ნაციების შექმნა მოდელის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა კოლონიური ან მულტიეთნიკური იმპერიები ინგრევა? შესაძლებელია თუ არა ნაციის ზუსტი განმარტება?

ეს წიგნი ეძღვნება ამგვარი მნიშვნელოვანი და სადავო კითხვების ანალიზს. ენტონი დ. სმიტი სვამს კითხვას: რატომ წარმოიშვა პირველი თანამედროვე ერი-სახელმწიფოები დასავლეთში? იგი მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, ენა და საერთო სიმბოლიკა ნაციის შეგრძნებას – ბასკების, ქურთებისა და ტამილების შემთხვევაშიც კი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოები არ გააჩნიათ. თავის არგუმენტაციას ავტორი წარმოადგენს დეტალური მაგალითების თანხლებით, ყურადღებას ამახვილებს ნაციისადმი მყარი ერთგულების როგორც პოზიტიურ, ისე საზიანო ასპექტებზე; პროვოკაციულ უკანასკნელ თავში კი განიხილავს პოსტ-ნაციონალური მსოფლიოს პერსპექტივებს.

ავტორის შესახებ: ენტონი დ. სმიტი არის ლონდონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი სხვა ნაშრომებია: Theories of Nationalism, The Concept of Social Change, Nationalism in the Twentieth Century, The Ethnic Revival, State and Nation in the Third World, The Ethnic Origins of Nations.

პოლიტიკური იდეოლოგიები

შესავალი კურსი

ენდრიუ ჰეივუდი


ყდა: რბილი
ზომა: 240 × 160 მმ
გვერდების რაოდენობა: 432 გვ
ISBN: 99928-928-4-6

 

პოლიტიკურ იდეოლოგიათა შესახებ ამ მოწინავე ნაშრომის საფუძვლიანად გადამუშავებულ და განახლებულ მესამე გამოცემაში ენდრიუ ჰეივუდი დახვეწილი და გასაგები ენით გვაცნობს იმ პოლიტიკურ მრწამსებსა და დოქტრინებს, რომლებიც ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებდა და აყალიბებდა მსოფლიო პოლიტიკას.

ავტორი საერთაშორისო პერსპექტივაში განიხილავს იდეოლოგიათა მთელ სპექტრს, დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის ტრადიციული იდეოლოგიებით, როგორებიცაა ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი, და დამთავრებული შედარებით თანამედროვე იდეოლოგიებით, ისეთებით, როგორებიცაა ფემინიზმი, ეკოლოგიზმი და პოლიტიკური ისლამი. ამასთან, ჰეივუდი მისთვის დამახასიათებელი მკაფიო ენით აღწერს ამ იდეოლოგიათა როგორც ისტორიულ განვითარებას, ისე იმ გავლენასაც, რომელიც თითოეულმა მათგანმა მოახდინა თანამედროვე პოლიტიკურ მოძრაობებზე, პარტიებსა თუ მთავრობებზე. გამოკვეთილია განსხვავებულ იდეოლოგიათათვის დამახასიათებელი იდეები და ღირებულებები, აგრეთვე ის მოპაექრე და ზოგჯერ კონფლიქტური ტრადიციები, რომლებიც თვით იდეოლოგიებმა წარმოშვეს.

ეს ახალი გამოცემა შეიცავს ახალი ტიპის ჩანართებს, რომლებშიც თითოეული იდეოლოგიის შიგნით არსებული დაპირისპირებებია წარმოდგენილი. მათში, ასევე, მოცემულია მრავალმხრივი შეფასება იდეოლოგიათა პერსპექტივებისა ოცდამეერთე საუკუნეში; ყურადღება, ძირითადად, მახვილდება იმ გავლენაზე, რომელიც პოლიტიკურ იდეოლოგიასა და უმთავრეს იდეოლოგიურ ტრადიციებზე შეიძლება მოახდინოს ისეთმა მოვლენებმა, როგორებიცაა გლობალიზაცია, პოსტმოდერნიზმისა და, საზოგადოდ, “პოსტ-იზმების” დამკვიდრება და ძვრები მსოფლიო წესრიგში, მათ შორის – გლობალური ტერორიზმის წარმოშობა.

*

“ენდრიუ ჰეივუდის წიგნის უდიდესი ღირსება ისაა, რომ იგი სერიოზულად ეკიდება თვით იდეოლოგიის საგანს, მოთმინებითა და აღნიშვნის ღირსი თვალსაჩინოებით წარმოაჩენს როგორც კლასიკური დასავლური იდეოლოგიების განსხვავებულ ხასიათს, ისე უახლესი იდეოლოგიური აზრის თემატიკასა და მიმართულებებს. მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო იმ შესავალ კურსთაგან, რომლებიც ამ თემაზე ოდესმე დაწერილა და გამოცემულა.”

 ენდრიუ გემბლი  

ენდრიუ ჰეივუდი კვლევებისა და პოლიტიკის კურსის ხელმძღვანელია ორფინგტონ კოლეჯში (კენტი). იგი ავტორია წიგნებისა: პოლიტიკა (Politics) (მეორე გამოცემა), პოლიტიკური თეორია (Political Theory) (მეორე გამოცემა) და მთავარი ცნებები პოლიტიკაში (Key Concepts in Politics). ასევე გახლავთ უმაღლესი რანგის ექსპერტი მმართველობისა და პოლიტიკის საკითხებში.


როგორ ვამუშაოთ დემოკრატია

სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში

რობერტ დ. პატნემი


თარგმანი ზურაბ ჭიაბერაშვილისა

რედაქტორები: ზეინაბ სარაძე, გიგა ზედანია, ლაშა ბერაია



ყდა: რბილი
ზომა: 230 × 160 მმ
გვერდების რაოდენობა: 306 გვ
ISBN: 99928-927-9-X

 

რატომ არის ზოგი დემოკრატიული ხელისუფლება წარმატებული და ზოგი  წარუმატებელი? წიგნში, რომელმაც პოლიტიკოსთა და სამოქალაქო აქტი-ვისტთა ყურადღება მიიპყრო ამერიკასა და, საზოგადოდ, მთელ მსოფლიოში, რობერტ პატნემი და მისი თანამოაზრეები გვთავაზობენ ემპირიულ საბუთს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “სამოქალაქო თემი” წარმატებული ინსტიტუტების შესაქმნელად. ისინი ფოკუსირდებიან 1970 წელს დაწყებულ უნიკალურ ექსპერიმენტზე, რომლის დროსაც იტალიამ თითოეული თავისი რეგიონისთვის ახალი მთავრობა შექმნა. ავტორებმა ოცი წელი მიუძღვნეს ამ მთავრობათა ეფექტიანობის ანალიზს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ბინათმშენებლობა და ჯანდაცვა, და გამოავლინეს ასოციაციონიზმის, ნდობისა და თანამშრომლობის მოდელები, რომლებიც ხელს უწყობს კარგ მართვასა და ეკონომიკურ წარმატებას.

“საკვანძო მნიშვნელობის, ეპოქალური, გეზის მიმცემი: ყველა ეს აღმატებული ეპითეტი შეეხება წიგნს, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არის ჩვენი დროებისთვის განკუთვნილი ‘დემოკრატია ამერიკაში’.”

— დეივიდ ლ. კირპი, The Nation

“დიდი ნაშრომი სოციალურ მეცნიერებათა დარგში, რომელიც თამამად შეგვიძლია დავაყენოთ ტოკვილის, პარეტოსა და ვებერის გვერდით... თუ [პატნემის] მტკიცებები წარმატებული დემოკრატიის აუცილებელ პირობათა შესახებ სწორია (და ისინი თითქმის უეჭველად ასეთია), მაშინ პოლიტიკოსებსაც და პოლიტოლოგებსაც მართებთ ხელახლა დაფიქრდნენ დემოკრატიის პერსპექტივებზე აზიაში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.”

— The Economist

“მნიშვნელოვანი გამოკვლევა ‘სამოქალაქო ტრადიციების’ შესახებ.”

— სტივენ ლიუკესი, The Times Literary Supplement  

რობერტ დ. პატნემი არის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი. მის მრავალ წიგნს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Hanging Together: The Seven-Power Summits (ჰარვარდი). რობერტ ლეონარდი  ევროგაერთიანების პოლიტიკის დარგის ლექტორია ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. რაფაელა ნანეტი არის ურბანული დაგეგმვისა და პოლიტიკის ანალიზის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტში.