თბილისის მუზეუმების გაერთიანება
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
2025 წლის 18 – 25 მაისი
მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში
თბილისის მუზეუმების გაერთიანება
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
2025 წლის 18 – 25 მაისი
მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში
2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“ - ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ მუზეუმები გლობალურ სოციალურ, ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურ ცვლილებებზე და როგორ ეხმარებიან საზოგადოებას ამ პროცესებში.
🏛️ICOM-ის მიერ შერჩეული წლევანდელი საერთაშორისო დღის თემის კონცეფცია ეფუძნება გაეროს მდგრადი განვითარების სამ მიზანს:
- მიზანი 8 – განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი ეკონომიკისთვის
- მიზანი 9 – ინოვაცია, ტექნოლოგიები და ხელმისაწვდომობა
- მიზანი 11 – ინკლუზიური და მდგრადი ურბანული განვითარება
მუზეუმის საერთაშორისო დღე 2020 წლიდან მოყოლებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს უწყობს ფეხს.
2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემის „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“ შესაბამისად, თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ყოველდღე, ფიქსირებულ დროს ჩატარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, ტურები, თამაშები, ვორქშოფები. მათ შორისაა საგანგებოდ კვირეულისთვის მომზადებული აქტივობები, რომელთა შეთავაზებაც საზოგადოებისათვის მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის (18 – 25 მაისი) ფარგლებში მოხდება.
2025
18 მაისი - ღია კარის დღე
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
12: 00 - ვორქშოფი - „წიგნის ახალი სიცოცხლე“
15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ჯადოსნური ფარანი“
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
ვორქშოფი - „წიგნის ახალი სიცოცხლე“ - წიგნს, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, წაკითხვის გარდა, გაფრთხილება და მოვლა სჭირდება; და თუ ის დაზიანებულია, უნდა ვიცოდეთ, სწორად როგორ „ვუწამლოთ“, რომ უნებურად უფრო მეტად არ დავაზიანოთ. სწორედ ამ უნარების სწავლა-გამომუშავებას გთავაზობთ ჩვენი ვორქშოპის - „წიგნის ახალი სიცოცხლე“ - მონაწილეებს.
ვორქშოფის პრაქტიკული ნაწილი დაზიანებული ფურცლის რესტავრაციაა. მონაწილეები პროფესიული მეთოდებითა და მასალებით აღადგენენ დაზიანებულ ნიმუშებს, სამუშაოდ კი სპეციალურად შექმნილ წიგნის იმიტირებულ ფურცლებს გამოიყენებენ.
მონაწილეები სახლის პირობებში წებოს დამზადების რეცეპტსაც ისწავლიან და იმ მეთოდსაც დაეუფლებიან, რომლის დახმარებითაც საკუთარი ბიბლიოთეკის დაზიანებული წიგნების მოვლა-პატრონობას შეძლებენ.
საგანმანათლებლო პროგრამაში - „ჯადოსნური ფარანი“ - მონაწილეობისას გაიგებთ, რა არის „ჯადოსნური ფარანი“, რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს მოწყობილობა, დროთა განმავლობაში როგორი ტრანსფორმაცია განიცადა და ხელოვნების რომელი დარგის განვითარებას შეუწყო ხელი; ვის სახელს უკავშირდება პირველი მსოფლიო კინოჩვენება და რომელი აღმოჩენებით შეიტანა ჟორჟ მელიესმა უდიდესი წვლილი კინემატოგრაფის განვითარებაში.
პროგრამის მონაწილეები ასევე შეიტყობენ, რომ თბილისის სათავადაზნაურო თეატრში ლუმიერების პრემიერა პირველი მსოფლიო კინოჩვენებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში გაიმართა; მოისმენენ საინტერესო ამბებს პირველ დოკუმენტურ ფილმზე თუ მუნჯი კინოს ისტორიიდან.
საგანამანათლებლო პროგრამა „ჯადოსნური ფარანი“ მონაწილეებს კინოს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ- მუზეუმი
13:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული მუსიკის ისტორია“
15:00 - საფეხმავლო ტური „გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე“
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
საგანამანათლებლო პროგრამა - „ქართული მუსიკის ისტორია“ - უამრავ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ ჩვენი მუსიკალური საუნჯის შესახებ. მათ შორის: როდიდან იწყება ქართული მუსიკის ისტორია; რომელია უძველესი ქართული საკრავი და სად აღმოაჩინეს ის არქეოლოგებმა; რა არის ნევმები და რა კავშირი აქვს საგალობლებთან; როდის აღიარა იუნესკომ ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა „მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედევრად“ და რატომ გაუშვეს კოსმოსში სამოგზაუროდ ქართული ხალხური მრავალხმიანობის უბადლო ნიმუში - „ჩაკრულო“. როდის გაიმართა თბილისში პირველი საოპერო სპექტაკლი და რატომ დაარქვეს თბილისს „საოპერო ქალაქი“. რას წერდა თბილისის თეატრით აღფრთოვანებული ალექსანდრე დიუმა და რამ მოხიბლა ასე ძლიერ მრავლისმნახველი ფრანგი მწერალი.
პროგრამის მონაწილეები მშობლიური მუსიკის ისტორიის გაცნობასთან ერთად, სხვადასხვა დროისა და ჟანრის მუსიკასაც მოისმენენ.
საფეხმავლო ტური - „გოლოვინი ...ოპერიდან ოპერამდე“ - რა ადგილას იდგა საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველი საოპერო თეატრი, ვინ იყო მისი არქიტექტორი და ვინ გაიღო თანხა შენობის ასაგებად? ამ თეატრის საინტერესო ისტორიის შესახებ რა გსმენიათ? გიამბობთ, რატომ მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმაზე, გაგაცნობთ იტალიელ არქიტექტორს, რომელიც თეატრის მშვენიერი შენობის გარდა, თბილისის „მშრალი ხიდის“ არქიტექტორიც გახლავთ.
პირველი გიმნაზიის შენობა, ცნობილი ქართველები და მათი ისტორიები, ვინც აქ სწავლობდა, ქაშვეთის ტაძარი გუდიაშვილის განუმეორებელი ფრესკებით და რუსთაველის თეატრი თავისი წარსულით და აწმყოთი... - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღირსშესანიშნაობებისა თუ საინტერესო ისტორიებისა, რასაც საფეხმავლო ტური „გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე“ გთავაზობთ. ტურის ფარგლებში რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნამდე ფეხით გასეირნებისას, აქაურობის წარსულ ისტორიებთან ერთად, თქვენს თვალწინ უწინდელი თბილისის განუმეორებელი ხედები გაცოცხლდება. გამოგვყევით, დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებით.
ნიკოლოზ ბარათაშვილი მემორიალური სახლ- მუზეუმი
14:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „მუსეიონიდან მუზეუმამდე“
16:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „History of Tbilisi City“
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
საგანმანათლებლო პროგრამა - „მუსეიონიდან მუზეუმამდე“ - ლუვრი და ვერსალი, ვატიკანი და ერმიტაჟი, უფიცი და პრადო და კიდევ არაერთი უცნაური, არაორდინალური, შინაარსით თუ ფორმით განსხვავებული მუზეუმი არსებობს დღეს მსოფლიოში.
მუზეუმმა, როგორც ნივთების, ექსპონატების საცავმა თუ საგანამანათლებლო-სასწავლო ცენტრმა, საუკუნეების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა, ვიდრე თანამედროვე სახეს მიიღებდა. სწორედ ამ განვლილ გზაზე მოგვითხრობს საგანამანათლებლო პროგრამა „მუსეიონიდან მუზეუმამდე“: სად და როდის იწყება ისტორია და როგორ იქცა მუსეიონი მუზეუმად, პირველად ვინ გამოიყენა სახელი მუზეუმი და როგორ გაიზარდა და გამრავალფეროვნდა დღეს მისი შესაძლებლობები.
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - „Histori of Tbilisi City” - მონაწილეებს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში „ამოგზაურებს“, მოუყვება სხვადასხვა ეპოქის თბილისზე, მის არქიტექტურაზე, ცხოვრების სტილსა და თავისებურებებზე. როდის გაჩნდა თბილისი, რა გამოარჩევს მას მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან და რატომ ამსგავსებდნენ თბილისს ორთავიან იანუსს.
პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში, რის შემდეგაც მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ მულტიკულტურული თბილისის საინტერესო ისტორიებს, გაეცნობიან აივნებიან და ბანიან თბილისურ სახლებს, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებსა და ქალაქის ამსახველ პირველ ევროპულ გრავიურებს. პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად „შექმნიან“ თბილისური აივნებიანი სახლების მაკეტებს.
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ- მუზეუმი
12:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“
15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „როგორ დავიცვათ დედამიწა“
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
საგანმანათლებლო პროგრამა - „აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“ - არაერთ საინტერესო ამბავსა და შთამბეჭდავ გამოგონებას გაგაცნობთ შორეული აღმოსავლური ცივილიზაციის ისტორიიდან. ასეთია: პირველი სამაგიდო თამაში - Royal Game of Ur. რა დროსაც ორი მოთამაშე კამათელს აგორებს და ერთმანეთის ფიგურების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ბრიტანელი არქეოლოგის მიერ აღმოჩენილი ეს სამაგიდო თამაში შთამბეჭდავი ასაკის - 5 000 წლისაა.
იალქანი, რომელმაც ზღვაოსნობაში რევოლუცია მოახდინა, მესოპოტამიელების გამოგონებაა და ისიც 4-5 ათასი წლისაა. პირველი რუკაც მათ შექმნეს და კარტოგრაფიის სათავეებთანაც სწორედ მესოპოტამიელები დგანან.
60 წამი, 60 წუთი, დღე-ღამის 24 საათი - დროის კონცეფცია, ზოდიაქოს 12 ნიშანი და წრის 360 გრადუსად დაყოფა 4-5 ათასი წლის წინათ ისევ მესოპოტამიელებმა გამოიგონეს.
და ეს ყველაფერი არ არის. ბორბალი და ღერძი, რომელიც ბორბლებს ერთდროულად აბრუნებს და თანამედროვე ავტომობილების შემადგენელი ნაწილია, მესოპოტამიელებმა ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ მოიგონეს.
საგანამანათლებლო პროგრამა „აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“ მსოფლიოს უძველეს ისტორიაში საინტერესო და დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ.
საგანამანათლებლო პროგრამა „როგორ დავიცვათ დედამიწა“ - ადამიანი წელიწადში, საშუალოდ, 500 კილოგრამ ნარჩენს გადაყრის. რამდენი გამოვა, ეს რომ დედამიწის მოსახლეობაზე - 8 მილიარდზე გავამრავლოთ?
საგანმანათლებლო პროგრამის - „როგორ დავიცვათ დედამიწა“ - მონაწილეები მოისმენენ, რამხელა ტვირთად ექცა პლანეტას ჩვენს მიერ გადაყრილი ნარჩენები და როგორ უნდა შევამციროთ სამყაროს დაბინძურება.
ერთი ჯინსის შარვლის დასამზადებლად - 1 კილოგრამი ბამბა, 1 კილოგრამი ბამბის მისაღებად კი 20 000 ლიტრი წყალია საჭირო. ბუნებრივი რესურსები კი ულევი არ არის.
როგორ შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ჩვენი საერთო სახლის - დედამიწის მომავალზე? პროგრამის მონაწილეები საკუთარი ხედვებისა და იდეების გადმოცემასაც შეძლებენ.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ- მუზეუმი
12: 00 - შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“
15: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „აღბეჭდილი წამი“
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
შემეცნებითი ტური - „გალაკტიონის აივნიდან“ მუზეუმში იწყება და საფეხმავლო ტურის სახით გალაკტიონის სახლის შემოგარენში გრძელდება. თანდათან ცოცხლდება პოეტის აივნიდან დანახული თბილისი თავისი ძველი და საინტერესო ისტორიებით.
მონაწილეები შეიტყობენ: როდის აშენდა სახლი, სადაც გალაკტიონმა სიცოცხლის ბოლო 24 წელი გაატარა და რომელი ცნობილი მწერლები იყვნენ მისი მეზობლები; როგორ აკვირდებოდა პოეტი აივნიდან ქალაქის ცხოვრებას, რას ითვლიდა და ინიშნავდა თავის დღიურში; როდის ააშენეს და რამდენჯერ იცვალა სახე ხიდმა, რომელსაც დღეს გალაკტიონის სახელი ჰქვია.
ბევრისთვის მოულოდნელი სიახლე იქნება გალაკტიონის, როგორც რეჟისორის გაცნობა; ის, რომ გალაკტიონმა სარეჟისორო კურსები დაამთავრა, სპექტაკლიც დადგა და, საერთოდ, ოცნებობდა, საკუთარი თეატრი დაეარსებინა.
ტურის მონაწილეები ნახავენ გალაკტიონის ფოტოს, რომელიც მთაწმინდის პანთეონში, ბარათაშვილის საფლავთან აქვს გადაღებული. მოგვიანებით, სწორედ ამ ადგილას დაკრძალეს პოეტების მეფე. ფოტოს გადაღების ისტორიაზე, გალაკტიონის ფოტოგრაფიისადმი სიყვარულსა და უამრავ სხვა საინტერესო ამბავზე შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“ მოგიყვებათ.
საგანმანათლებლო პროგრამა - „აღბეჭდილი წამი“ - მონაწილეები მოისმენენ ამბავს - საუკუნეების განმავლობაში როგორ ცდილობდნენ ადამიანები გაეჩერებინათ წამი, „შეენახათ“ დრო, აღებეჭდათ მსოფლიო ისტორიის ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა. დროის ფენომენზე ხომ ყველა ეპოქის ფილოსოფოსები, მწერლები, ხელოვანები თუ სხვა პროფესიის ადამიანები ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
პროგრამის მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიზუალური მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მსოფლიოს ისტორიაში მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევებსა და სხვადასხვა ეპოქაში „დროის აღბეჭდვის“ განსხვავებულ ფორმებს გაეცნობიან, პროგრამის ბოლოს კი გალაკტიონის ეპოქას „გააცოცხლებენ“ და „შეაჩერებენ“ კონკრეტულ, მათთვის შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან წამს.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ- მუზეუმი
15: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „რიტუალიდან ბალეტამდე“
17: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „საკარნავალო ნიღბები“
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
საგანმანათლებლო პროგრამა - „რიტუალიდან ბალეტამდე“ - როდის აცეკვდა ადამიანი? რამდენ ათასწლეულს ითვლის ჩვენამდე შემორჩენილი კედლის მხატვრობა, რომელზეც მუსიკის თანხლებით მოცეკვავე ადამიანები არიან გამოსახულები?
საგანმანათლებლო პროგრამა „რიტუალიდან ბალეტამდე“ მონაწილეებს ცეკვის - ხელოვნების ამ მშვენიერი დარგის ისტორიას მოუთხრობს.
პროგრამის მონაწილეები შეიტყობენ, რომელ ქართულ ცეკვებს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი; მოისმენენ ისტორიას სვეტიცხოვლის უჩვეულო ფრესკაზე, რომელზეც მოცეკვავეთა დასია გამოსახული; გაიგებენ სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი უნიკალური საცეკვაო კოსტიუმის შთაგონების წყაროს შესახებ; შეიტყობენ, რომელ ჟანრს ეძახიან ცეკვების „მეფეს“ და სად წარმოიშვა ბალეტი.
საგანამანათლებლო პროგრამა „რიტუალიდან ბალეტამდე“ გაგაცნობთ გზას, როგორ გარდაიქმნა სარიტუალო მოძრაობები ცეკვის ილეთებად და როგორ გაჩნდა დღეისთვის არსებული ცეკვის ესა თუ ის ჟანრი.
საგანმანათლებლო პროგრამა - „საკარნავალო ნიღბები“ - მონაწილეებს მოუთხრობს, რას უკავშირდება ნიღბების გაჩენა და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ძალიან დიდი ხნის წინათ აფრიკაში, აზიაში, ევროპასა თუ ამერიკაში გავრცელებული ნიღბები; რას შეიძლება გამოსახავდეს ნიღაბი და მისი რამდენნაირი სახეობა არსებობს; რა მასალებს იყენებდნენ ნიღბების დამზადებისას; როდის გადაინაცვლა ნიღაბმა თეატრალურ სამყაროში და რა ვიცით ქართულ კოსტუმირებულ თეატრალურ სანახაობა „ბერიკაობაზე“; როგორ წარმოიშვა „ბაუტა“, „შავი ჭირის მკურნალი“, „მორეტა“, „ვოლტო“ და სხვა ტრადიციული ნიღბები და რომელ ცნობილ დღესასწაულზეა შესაძლებელი მათი ხილვა.
საგანამანათლებლო პროგრამა „საკარნავალო ნიღბები“ მონაწილეებს მოუყვება ნიღბების სილამაზითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულ ვენეციის ფესტივალზეც, რომელიც ყოველ წელს, თებერვლის თვეში იმართება იტალიის წყალზე გაშენებულ მშვენიერ ქალაქში.
„ღამე მუზეუმში“
18 მაისი
20:00 – 24:00
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში „ღამე მუზეუმის“ ფარგლებში გაიმართება:
- ინტერაქტიული ექსკურსიები
- ჩუღურეთის ურბანული ჩანახატების გამოფენა
- სალონური შეხვედრები მუზეუმში - „ფლირტის“ საღამო (მუზეუმის ნულოვანი სართული - სტამბის სივრცე)
- კლასიკური მუსიკის საათი ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრის მონაწილეობით
- შემეცნებითი-გასართობი აქტივობები მუზეუმის ეზოში (სამახოსვრო ფოტო მუზეუმში, გაერთიანების შესახებ ვოდეოპროექცია და სხვ,).
მონაწილეობა თავისუფალია.
ჩუღურეთის უბნის ურბანული ჩანახატების გამოფენა
18 მაისს ურბანული ჩანახატების შემქნელი ჯგუფი - Urban Sketchers - მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ ჩანახატებს შექმნის, რომელთა გამოფენაც 18 მაისს აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში მოხდება.
"Night at the Museum"
May 18
20:00 – 24:00
As part of the “Night at the Museum” event, the Ilia Chavchavadze Literary-Memorial Museum will host:
Interactive tours
An exhibition of urban sketches from the Chughureti district
Salon-style gatherings at the museum – an evening of “Flirt” (held on the museum’s ground floor – in the old printing press space)
An hour of classical music featuring the Children's Orchestra of the Tbilisi Central Music School for Gifted Children
Educational and entertaining activities in the museum yard (souvenir photo zone, video projection about the museum’s unification, and more)
Admission is free.
Urban Sketch Exhibition of the Chughureti District.
On May 18, the urban sketch group Urban Sketchers will create sketches of the museum's surrounding areas, displayed the same evening during the “Night at the Museum” event.
19 - 25 მაისი
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატრულ მემორიალური მუზეუმი
12: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „ლიტერატურული თამაში“
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
„ლიტერატურული თამაშის“ მონაწილეები მუზეუმში ექსკურსიისას ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და არ გამოეპაროთ მუზეუმში მოყოლილი არც ერთი ამბავი, ფაქტი, თუ სურთ, რომ თამაშში წარმატებას მიაღწიონ და სხვა მონაწილეებზე ადრე გასცენ პასუხი მათთვის დასმულ კითხვებს. ეს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი თამაშია, რომელიც მონაწილეებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.
ვის მიუძღვნა ილიამ „განდეგილი“? რა ფსევდონიმით გამოაქვეყნა „კაცია-ადამიანი?“ რა წვლილი მიუძღვის მას ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმოჩენაში? ვინ შექმნა ილიას პირველი პორტრეტი მის სიცოცხლეში? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებზე პასუხის გაცემაც თამაშის მონაწილეებს მოუწევთ.
შემეცნებითი თამაშის მონაწილეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ ფაქტებს და მოისმენენ უამრავ საინტერესო უცნობ ამბავს. ყველაზე ყოჩაღი და დაკვირვებული მონაწილე კი გამარჯვებულის ტიტულსაც მოიპოვებს.
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ- მუზეუმი
15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „დედამიწა ჩვენი სახლია“
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
საგანმანათლებლო პროგრამა „დედამიწა ჩვენი სახლია“ გაგაცნობთ თანამედროვე მსოფლიოში კლიმატისა და ბუნების დაცვის მიზნით მიმდინარე პროცესებს და მათ აქტიურ თანამონაწილეს გაგხდით. ვისაუბრებთ გასულ საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმართული პოლიტიკური პროცესებისა და ომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ; ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ ეკოლოგიური თვალსაზრისით რა შეიცვალა საბჭოთა კავშირიდან დღემდე. ვისაუბრებთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კლასიფიკაციაზე, მათი შეგროვების, გადამუშავებისა და შენახვის პრობლემებზე.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად მოახდენენ სხვადასხვა ტიპის ნარჩენების კლასიფიკაციას და მათ სპეციალური გადამამუშავებელი სიმბოლოებით მარკირებულ კალათებში მოთავსებენ.
20 მაისი
20 მაისს, ჯინსის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ- მუზეუმში - 12:00 საათზე ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა "Jeans Generation".
საგანამანათლებლო პროგრამა - “Jeans Generation“ - მოგითხრობთ, რა კავშირია ჯინსის სამოსსა და თავისუფლების იდეას შორის.
მონაწილეები მოისმენენ ჯინსის ქსოვილის შექმნის ისტორიას, როგორ შეიქმნა ჯინსის შარვალი და როგორ გახდა ჯინსი თავისუფლების სიმბოლო, რომელიც ასე აშინებდა საბჭოთა მაღალჩინოსნებს და აკრძალული იყო მთელ საბჭოეთში.
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან გახმაურებულ „თვითმფრინავის საქმეს“ და მოისმენენ არაერთ ამბავს საბჭოთა საქართველოს არც ისე შორეული ისტორიიდან.
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
"Jeans Generation" May 20, 12:00 PM - Kote and Soso Tsereteli Memorial House-Museum
In celebration of Jeans’ Birthday on May 20, the Kote and Soso Tsereteli Memorial House-Museum will host an educational program titled "Jeans Generation" at noon. The program will explore the fascinating connection between denim clothing and the idea of freedom.
Participants will learn about the history of denim fabric, the origins of jeans, and how this iconic garment became a symbol of freedom, so powerful that it alarmed Soviet authorities and was banned throughout the USSR. The program will also introduce the infamous "Hijacking Case" and share stories from the not-so-distant Soviet past of Georgia.
📍 Tbilisi, Dimitri Uznadze St. No. 2
21 – 23 მაისი
21 – 23 მაისს, კვირეულის ფარგლებში, „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ პროექტის ფარგლებში თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი - ჩაატარებს საგანმანათლებლო პროგრამას „თოჯინების ისტორია“ .
1. 21 მაისი, 15:30 სთ., საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრი „მზესუმზირები“. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული ცენტრის ბენეფიციარები (26 მონაწილე); ლოკაცია: თბილისი, ბავშვთა დღის ცენტრი „მზესუმზირები“;
2. 22 მაისი, 14:00 სთ., საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები (40 მონაწილე). ლოკაცია: საგარეჯოს კულტურის სახლი;
3. 23 მაისი, 15:00 სთ,, ათასწლეულის სკოლა. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები (42 მონაწილე). ლოკაცია: თბილისი, ათასწლეულის სკოლა.
საგანამანათლებლო პროგრამა „თოჯინების ისტორია“ - როდის გაჩნდა პირველი სათამაშო ან რამდენი წლისაა უძველესი თოჯინა? სად შექმნეს პირველი მოძრავი სათამაშო?
მართლაც, როდის და რა მიზნით დაიწყო ადამიანმა თოჯინების დამზადება? ჰქონდა კი მას თავიდანვე გართობის ფუნქცია?
საგანამანათლებლო პროგრამა - „თოჯინების ისტორია“ - მონაწილეებს დროში ამოგზაურებს და მსოფლიოს მრავალი ხალხის თოჯინებისა და სათამაშოების შექმნის ისტორიას გააცნობს. მათ შორისაა ქართული დედოფალაც, რომლის დამზადების საიდუმლოსაც პროგრამის მსვლელობის დროს შეიტყობენ და საკუთარი ხელით შექმნიან ტრადიციულ დედოფალას.
22 მაისი
19:00 - ტრადიციული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში ზურაბ ბაქრაძის საჯარო ლექცია „შენარჩუნებადი განახლება და ქალაქი.“
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
1980-იანი წლებიდან ცენტრალურ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნეს პირობები დასახლებათა ისეთი განვითარებისა, რითაც შესაძლებელი გახდა მათი ჩამოყალიბებული სოციალური ფასეულობების შენარჩუნება და განვითარება. ამას შენარჩუნებადი ქალაქგანახლება შეერქვა. ის დღემდე მოქმედებს და, მიუხედავად იქაურ ეკონომიკურ ელიტათა ნაწილის დესტრუქციული საქმიანობისა, ქმნის ქალაქგანახლების ძირითად მიმართულებას. მას აქეთ სამართლებრივადაა დადგენილი ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარება, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებათა ჩამოყალიბებულ ფასეულობებს ეყრდნობა და სოციალური იდეალებისკენ მათ განვითარებას გეგმავს.
საქართველოსთვის შემობრუნების ამ მომენტში აუცილებელია შეიქმნას თუნდაც აზრობრივი საფუძვლები განვითარების ჯანსაღი გაგებისა, ე.ი. ისეთი გაგებისა, როცა აწმყო წარსულისა და მომავლის შეხვედრად იქნება გაგებული, როცა საკაცობრიო იდეალებით აღბეჭდილი სამომავლო დაგეგმვა არსებულ ადგილობრივ ფასეულობებს დაეყრდნობა და ამით საზოგადოების ჯანსაღ განვითარებას განაპირობებს.
თბილისის ქალაქგანვითარებაში ეს პრაქტიკულადაც შესაძლებელია, თუ მის ხელმძღვანელთა ცენტრალურევროპული შესაბამისი ორიენტაცია და ნება იარსებებს. ეს შექმნის თბილისის ქალაქგანვითარების აშკარა ჩიხიდან გამოსვლის სასაფუძვლო პირობას, რაც ქალაქმგეგმარებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურობაშიც ჰპოვებს გამოხატულებას.
დასწრება თავისუფალია.
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატრულ მემორიალური მუზეუმი
12: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „ლიტერატურული თამაში“
თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ- მუზეუმი
13:00 - საფეხმავლო ტური „გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე“
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
ნიკოლოზ ბარათაშვილი მემორიალური სახლ- მუზეუმი
14:00 - საგანმანათლებლო პროგრამა „მუსეიონიდან მუზეუმამდე“
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ- მუზეუმი
15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „დედამიწა ჩვენი სახლია“
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ- მუზეუმი
16: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა „აღბეჭდილი წამი“
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ- მუზეუმი
17: 00 - საგანმანათლებლო პროგრამა - „საკარნავალო ნიღბები“
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
25 მაისი
11: 00 - საფეხმავლო ტური - „ნობელიატები თბილისში“ /ტური იწყება ჩახრუხაძის ქუჩა N 17-დან./
შვედი ქიმიკოსისა და გამომგონებლის - ალფრედ ნობელის ანდერძის საფუძველზე დაარსებული პრემია დღემდე, ალბათ, ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა. პირველად იგი 1901 წელს გაიცა. ამ 124 წლის განმავლობაში კი ათასამდე ადამიანი თუ ორგანიზაცია დაჯილდოვდა კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
თავად ნობელის ცხოვრება კი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კავკასიასთან და კონკრეტულად, საქართველოსთანაც. მისი ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა კავკასიაში.
თბილისი სხვადასხვა დროს არაერთი ნობელიატის მასპინძელი ყოფილა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა პირველი ნობელიატი ქალი მშვიდობის დარგში - ბერტა ფონ ზუტნერი. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, რომელმაც 1920 წელს მიიღო ეს პრემია ლიტერატურაში. მოგვიანებით თბილისს ჰამსუნის თანამემამულე, ერთა ლიგის კომისარი ფრიტიოფ ნანსენიც სტუმრობდა, რომელმაც 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. თბილისში სხვადასხვა დროს სტუმრად იმყოფებოდნენ სხვა ნობელიატებიც: მწერლები - ბორის პასტერნაკი და ჯონ სტაინბეკი, დედა ტერეზა და სხვები.
საფეხმავლო ტური „ნობელიატები თბილისში“ მათი მოღვაწეობისა და ჩვენს დედაქალაქში სტუმრობის ამბებსა და შთაბეჭდილებებს მოგითხობთ. აქაური მოგზაურობა არაერთმა მათგანმა თავის მემუარებში აღწერა და ძალიან საინტერესო მასალა დატოვა ჩვენს ქვეყანაში გატარებული დღეების შესახებ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული ,,ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ,,ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ - საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
The goal of the Union of Tbilisi Museums is to revive the tradition of “Thursday Gatherings” initiated by Ilia Chavchavadze at the Ilia Chavchavadze Literary-Memorial Museum in Tbilisi. The format of these “Thursday Gatherings” includes public lectures by individuals actively engaged in contemporary cultural and educational processes, and highlights the legacy of Ilia Chavchavadze and his contemporaries, shedding light on their contributions and the significance of their era within the broader context of Georgian history.
საფეხმავლო ტური „ნობელიატები თბილისში“ მათი მოღვაწეობისა და ჩვენს დედაქალაქში სტუმრობის ამბებსა და შთაბეჭდილებებს მოგითხობთ. აქაური მოგზაურობა არაერთმა მათგანმა თავის მემუარებში აღწერა და ძალიან საინტერესო მასალა დატოვა ჩვენს ქვეყანაში გატარებული დღეების შესახებ.
მარშრუტი, რომელსაც ტურის მონაწილეები გაივლიან, მიზნად ისახავს XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის 60-იან წლებამდე აღადგინოს, გააცოცხლოს და თხრობაში ჩართოს ის ტურისტული და სამუზეუმო ობიექტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბადაა კავშირში ნობელიატთა სტუმრობასთან თბილისსა და საქართველოში.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ქალაქის ისტორიულ, კუკიის უბანში მდებარეობს. უბნის ურბანული განაშენიანების ჩახატვა მიმდებარე ტერიტორიის შესწავლასთან ერთად, არქიტექტურული განაშენიანების ერთგვარი ფიქსაციაცაა, რაც დროთა განმავლობაში ისტორიულ ღირებულებას შეიძენს. აღნიშნულ ღონისძიებაში ურბან სკეჩერების ჯგუფთან („Urban Sketchers Georgia“) ერთად მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
The Ilia Chavchavadze Literary-Memorial Museum is located in the historical Kukia district of Tbilisi. Sketching the area’s urban landscape, while also studying its surroundings, becomes a form of documenting architectural development — a process that will gain historical value over time. Everyone interested is welcome to participate in this event alongside the "Urban Sketchers Georgia" group.