ერასმუს+ ახალგაზრდები. საინფორმაციო ცენტრი საქართველოში

ერასმუს+ არის ევროკავშირის შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც დაიწყო 2014 წელს და გაგრძელდება 2020 წლამდე. მისი ბიუჯეტი შეადგენს 14.7 მილიარდ ევროს, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხვა სფეროებზე - განათლება, ახალგაზრდული საქმე, სპორტი და სხვა.

ამ საიტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია ერასმუს+ ახალგაზრდული სფეროს აქტივობებზე. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ სტუდენტთა მობილობით, სამაგისტროს უცხოეთში გავლით და ა.შ., თქვენ ეს ვებ-გვერდი არ გამოგადგებათ. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ერასმუს+ ეროვნულ ოფისს, რომელიც სწორედ ამ თემებზე მუშაობს.

ერასმუს+ პროგრამამ თავი მოუყარა ევროკავშირის უკვე არსებულ წინა პროგრამებს - ახალგაზრდები მოქმედებაში, ერასმუს მუნდუსი, ლეონარდო და ვინჩი და ჟან მონე და ა.შ. მთლიანობაში პროგრამის მიზანია წვლილი შეიტანოს ევროპის 2020 სტრატეგიის შესრულებაში ზრდის, დასაქმების, სოციალური თანასწორობის და ინკლუზიის საკითხებში, გარდა ამისა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის განათლებისა და ტრენინგის 2020 მიზნებს.

ერასმუს+ პროგრამის ახალგაზრდული სფეროს ამოცანებია:

✖ 1. მობილობის გზით ზრდა და განათლება;

პროექტებმა უნდა მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ განავითარონ ცოდნა, უნარები და მიდგომები იმ სფეროებში, როგორიცაა ჩართულობა, სოციალური უნარები, სოლიდარობა, შრომის ბაზარზე შესვლის გაადვილება და სამოქალაქო თვითშეგნება.

▼ 2. უკეთესი ახალგაზრდული საქმე საერთაშორისო თანამშრომლობის გზით;

პროექტებმა უნდა შექმნას თანამშრომლობის შესაძლებლობები ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რათა მათ გაცვალონ თავიანთი სამუშაო ტექნიკები და მეთოდები, იპოვონ გამოსავალი საერთო პრობლემებიდან და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.

● 3. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა იმ პოლიტიკის შექმნაში, რაც მათზე გავლენას ახდენს;

პროექტებმა უნდა შექმნას სივრცე შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის, რომელიც გააუმჯობესებს ახალგაზრდულ პოლიტიკას ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეებზე. ეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გავლენა მოახდინონ იმაზე, რაც მათ ცხოვრებაზე აისახება და კლასგარეშე სწავლამ მოიპოვოს აღიარება.

♦ 4. შესაძლებლობები ევროკავშირის გარეთ.

პროექტებმა უნდა გააძლიეროს და გაზარდოს საერთაშორისო თანამშრომლობა ევროკავშირსა და მის მეზობელ პარტნიორ ქვეყნებს შორის. ასეთმა თანამშრომლობამ უნდა გააძლიეროს ახალგაზრდები, ახალგაზრდული მუშაკები და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რათა გაიზარდოს ახალგაზრდული საქმის ხარისხი.

თუ მხოლოდ 5 წუთი გაქვთ პროგრამისთვის, ჩართეთ ეს ვიდეო და ჩაურთეთ ქართული სუბტიტრები.

თუმცა, დაიმახსოვრეთ, ერასმუს+ 14.7 მილიარდიანი პროგრამაა, შესაბამისად, საკმაოდ კომპლექსური, თუმცა მაქსიმალურად ახალგაზრდებზე მორგებული.

ძირითადი მოქმედებები

ერასმუს+ პროგრამა ახალგაზრდულ სფეროში სამი ძირითადი მოქმედებითაა სახითაა წარმოდგენილი:

KA1 - ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მუშაკების მობილობა - ახალგაზრდული გაცვლები, მოხალისეობრივი აქტივობები (ყოფილი EVS), სატრენინგო კურსები, სემინარები და სასწავლო ვიზიტები.

KA2 - ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების გაძლიერება - თანამშრომლობა და მობილობა, რომელსაც ახალგაზრდულ სამუშაოზე, ახალგაზრდულ პოლიტიკასა და სისტემებზე დადებითი გავლენა აქვს და ზრდის ეფექტიანობას.

KA3 - სტრუქტურული დიალოგი - ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში - საერთაშორისო შეხვედრები, კონფერენციები და ღონისძიებები.