სტამბა-ლაზერის სახელოსნო
ჩვენი სახელოსნო თავდაპირველად "რვეულების სახელოსნოს" სახელით შეიქმნა. რვეულის დამზადება არც ისე მარტივი საქმეა. მთელი პროცესი ოპერაციებად არის დაყოფილი და გადანაწილებული. სახელოსნოს წევრები თითოეულ ფურცელს ცალ-ცალკე ვკეცავთ, ისე რომ ფურცლის პირი მეორე პირთან უნდა მივიტანოთ, მილიმეტრებში გავასწოროთ და ისე გადავკეცოთ. გარკვეული დრო დაგვჭირდა, სანამ ამ პროცესს ხარისხიანად შევასრულებდით.
აქ მთავარია ყურადღების კონცენტრაცია და ზუსტი მოტორიკა, რაც ამ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვნად უმჯობესდება. როდესაც ფურცლები გადაკეცილია, მათი დათვლაა აუცილებელი. ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია დათვლა, თვითონ ითვლის, ხოლო ვისაც არა - ფერად სანიშნეებს ათავსებს ფურცლებს შორის, რათა სწორი რაოდენობა მიიღოს.
შემდეგი ნაბიჯია ყდების ლამინირება, შიგთავსის დასტეპლერება, გილიოტინით ჩამოჭრა და საბოლოოდ, დასრულებული რვეულის ხილვა. ეს პროცესები გვახარებს და აძლიერებს გუნდის წევრებს, რადგან საბოლოო პროდუქტი ყოველთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელია.
ვთანამშრომლობთ თბილისის, ლისის თავისუფალი ვალდორფის და საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლებთან. მათთვის დიდი რაოდენობით შეკვეთებს ვამზადებთ, რაც გვახარებს, რადგან ბევრი მოსწავლე იყენებს ჩვენს დამზადებულ რვეულებს.
ჩვენ ვქმნით სასარგებლო და გამოსაყენებელ პროდუქტებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სხვებზე ვზრუნავთ. ამასთან, ჩვენი პროფესიული უნარ-ჩვევები ყოველ დღე ვითარდება, მასთან ერთად იზრდება ჩვენი საქმიანობაც. ახლა მინი სტამბაც გვაქვს და ლაზერული ჭრის დანადგარიც, რაც ჩვენს საქმიანობას ამრავალფეროვნებს.
ვბეჭდავთ წიგნებს, კატალოგებს, ბუკლეტებს, ხოლო ლაზერის აპარატით ვჭრით სხვადასხვა ფიგურებს, სუვენირებს და სასაჩუქრე ყუთებს. ჩვენ გვყავს მუდმივი დამკვეთები, რომლებიც უკვე ჩვენი მეგობრები გახდნენ.
ამჟამად სახელოსნოში 11 ბენეფიციარი და 2 თერაპევტია. ჩვენი საქმიანობა დღის განმავლობაში რიტმულადაა გადანაწილებული, გვაქვს შესვენებებიც, როდესაც ვატარებთ მეხსიერების, კონცენტრაციის და რიტმულ სავარჯიშოებს, ვთამაშობთ ლოტოს, გავდივართ ეზო-ბაღში და ვაკვირდებით მცენარეებს.
ორგანიზაციის არსებობისთვის მუდმივად გვჭირდება თანხების მოძიება.
თუ გაქვს სურვილი შეიტანო წვლილი იმ კარგ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გახდი ჩვენი მეგობარი.
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916
მიმღები; კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: სტამბა-ლაზერის სახელოსნოს მეგობარი