სანთლების სახელოსნო
სანთლების სახელოსნო
სანთლების სახელოსნო
შეიქმნა 1998 წელს სოციალური თერაპიის სახლის ბაზაზე
სანთლების სახელოსნომ დიდი გზა გაიარა თავისი დაარსებიდან. დასაწყისში, თვეები დაგვჭირდა, რომ მრავალჯერადი ცდის შედეგად დაგვეხვეწა სხვადასხვა ტიპის სანთლების დამზადების ტექნიკა. თუ არ იცი, როგორ წარმართო საქმე, რომელიც შემდეგ ბენეფიციარებს უნდა შესთავაზო, ვერ ააწყობ წარმატებულ ჯგუფურ მუშაობას ან ინდივიდუალურ განვითარებას.
სანთლის დამზადება - ეს არის ტექნიკა, რომელიც უნდა დავყოთ წვრილ-წვრილ ოპერაციებად, რათა ყოველ ნაბიჯზე დავაკვირდეთ, რა ძალუძს თითოეულ წევრს. ჩვენ ვაკვირდებით ჯგუფის ყოველი წევრის წინსვლას, ვინაიდან მხოლოდ დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიძლება მათი ინდივიდუალური განვითარების გზის განსაზღვრა.
ამას გარდა, უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია და ხერხები, როგორ დავეხმაროთ მათ წინსვლაში და მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები. წინსვლა და მიღწევები აძლიერებს მათ, იზრდება მათი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობის ხარისხი.
სანთლების სახელოსნოში ბევრმა ბენეფიციარმა „აიარ-ჩაიარა“.
ეს იყო საადაპტაციო სახელოსნო, რომელიც ბევრისთვის დასაწყისი აღმოჩნდა.
ჩვენი დეკორატიული და სასაჩუქრე ტიპის სანთლები არაერთი წლის განმავლობაში დაწესებულების სავიზიტო ბარათად რჩებოდა.
პანდემიის პერიოდში სანთლების სახელოსნომ ინტერნეტ პლატფორმები აქტიურად გამოიყენა და დიდი შეკვეთებიც მიიღო. დღემდე ვმუშაობთ სხვადასხვა ქსელებთან და ვასრულებთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ შეკვეთებს კორპორატიული საჩუქრებისთვის.
ამჟამად სანთლების სახელოსნოში მუშაობს ორი სოციალური თერაპევტი და შვიდი ბენეფიციარი.
სახელოსნოში პრაქტიკას გადიან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სკოლების მოსწავლეები და მოხალისეები.
სახელოსნო დაფუძნებულია სოციალური თერაპიის პრინციპზე:
ადამიანმა უნდა შეძლოს ყოველივე იმის რეალიზაცია, რაც მიიღო მშობლებისა და მასწავლებლებისგან, რათა იცხოვროს ღირსეულად, ჰქონდეს მრავალფეროვანი გარემო, სადაც შეძლებს თავისი უნარების გამოცდას, გაუმჯობესებასა და დახვეწას.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წინსვლა, რომელიც მოვახდინეთ პირველივე წლების შემდეგ.
ჩვენი ჯგუფის წევრები ზრდასრულ და პასუხისმგებლიან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, ისინი სავსენი არიან სიხარულით, ურთიერთდახმარების სურვილით, უყვართ თავიანთი ორგანიზაცია და კოლექტივი. ისინი სიხარულით ელიან ახალ დღეს. სავსე იმედებითა და სიახლეებით.
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916
მიმღები; კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: სანთლების სახელოსნოს მეგობარი