სადურგლოს სახელოსნო
სადურგლოს სახელოსნო
სადურგლოს სახელოსნო
სახელოსნო შეიქმნა 1997 წელს. დასაწყისში ვამზადებდით მარტივ ნივთებს, სწავლობდით და ვაგროვებდით გამოცდილებას. ნელ-ნელა შევიძინეთ დაზგა-დანადგარები და საჭირო ინსტრუმენტები, რამაც გაამარტივა შრომის პროცესი და შესაბამისად გავამრავალფეროვნეთ პროდუქციაც.
ამჟამად ვამზადებთ:
• ბოსტნეულის დასაჭრელ დაფებს
• ხის კოვზებს
• ხის ლამაზ, მოხატულ სათამაშოებს
• ფაზლებს
• სუვენირებს
• საკიდებს
• ზარდახშებს
შრომით-თერაპიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისათვის შრომის პროცესი გაწერილია დროში რიტმულად. შრომითი საქმიანობები დაყოფილი გვაქვს ოპერაციებად, რომლებიც გადანაწილებულია ჯგუფის წევრებზე უნარების მიხედვით. საქმის გადანაწილების დროს ის ბენეფიციარები, რომლებიც უკეთ ფლობენ ხელს და შეუძლიათ იმუშაონ ქლიბით და ზუმფარით, უფრო ძირითად საქმეს აკეთებენ. დანარჩენები კი, უფრო დამხმარე სამუშაოებს ასრულებენ ნაკლები დატვირთვით.
თითოეული ჯგუფის წევრი ჩართულია შრომით-თერაპიულ პროცესში და წინსვლაც სახეზეა: ისინი მეტად დაოსტატდნენ, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა, სიმტკიცე და დარწმუნებულობა.
ჩვენს სახელოსნოში დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მუშაობას და საქმეს, არამედ საყოფაცხოვრებო, თვითმოვლის და განმავითარებლ აქტივობებს. დღის მანძილზე გვაქვს ჩაის პაუზა. ასევე, გვაქვს შესვენება აქტიური დასვენებისათვის, თამაშისთვის და განმავითარებელი სავარჯიშოებისთვის.
სახელოსნოში შექმნილი პროდუქცია ძირითადად იყიდება სოციალური თერაპიის სახლში მოწყობილ ბაზრობებზე, სადაც ჩვენს ნაწარმზე დიდი მოთხოვნილებაა, რადგან ვაკეთებთ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიან მშვენიერ და გამოსაყენებელ ნივთებს.
სახელოსნოში მუშაობს 2 სოციალ-თერაპევტი და 5 ბენეფიციარი.
სადურგლო სახელოსნოში პრაქტიკას გადიან სტუდენტები, მოსწავლე-ახალგაზრდები, მოხალისეები და სხვა დაინტერესებული პირები. ყოველწლიურად ერთწლიან სოციალურ პრაქტიკას გადიან ახალგაზრდა მოხალისეები გერმანიიდან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სახელოსნოს ყველა საქმიანობაში. ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და განმავითარებელია: გერმანელ მოხალისეებს შემოაქვთ ახალგაზრდული ენერგია, ჟღერს გერმანული, ინგლისური და ქართული ენები, ურთიერთობები ჯანსაღი და ღიაა. ჩვენი მხრიდან ვუქმნით ყველა პირობას კვალიფიკაციის და გამოცდილების მისაღებად, ვაცნობთ საქართველოს, ჩვენს მდიდარ კულტურას.
სახელოსნო წინ მიიწევს, ჯგუფის წევრები და მათი ოჯახები ბედნიერები არიან, რადგან აქვთ მრავალფეროვანი და საინტერესო საქმიანი და განმავითარებელი გარემო. ეს ადგილი მათი მეორე სახლია.
თუ გაქვს სურვილი შეიტანო წვლილი იმ კარგ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გახდი ჩვენი მეგობარი.
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916
მიმღები; კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
დანიშნულება: სადურგლო სახელოსნოს მეგობარი