მუხლი 040.-1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

1.    თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

2.    დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.    თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

შენიშვნა : ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/ თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი, ან რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.