მუხლი 312.- 1. ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ

1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის მიერ შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლებითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს თან დაერთვის ფოტოსურათი). ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობით ადმისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით, პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი მოქმედება, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, ხორციელდება დაუბრკოლებლად, სრული მოცულობით. ამასთან, არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოება ხორციელდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით.

3. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (ქალაქის) სასამართლოს ბრძანებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის და გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 92 2 , 98 2 , 1533, 155-ე, 1551 და 1552 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.

6. თუ არაიდენტიფიცირებული პირი 3 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას, განხორციელდება დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის (საგნის) კონფისკაცია ან რეალიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით იმ ფარგლებში, რაც საკმარისია დაკისრებული ჯარიმის ოდენობისათვის, ხოლო დარჩენილი საქონელი უბრუნდება მფლობელს.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, საქმის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია 72 საათის განმავლობაში ამ გარემოებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და გადასინჯოს საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

8. არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოადგენს ამავე ნაწილით გათვალისწინებული წესით კონფისკებული ან რეალიზებული საქონლის (საგნის) დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.