მუხლი 291. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 228-2  მუხლის მე-2 ნაწილითა და 228-3  მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 129-1  მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება 129-1 მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია სხვა მიზეზებით, დაჯარიმების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება წარმოებს აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით.

3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთი ქონებიდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული.

4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელს არა აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

5. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 127-1 და 129-1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ დამრღვევს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით ახორციელებს აღმასრულებელი.