მუხლი 290. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი

1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 208-ე და 208-2  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დაჯარიმებისას − დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1  მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1 1. ამ კოდექსის 116-ე, 118-ე−119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127 1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის არ არის სავალდებულო გამოცდის ჩაბარება.

შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1-1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 118-1 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 118-2 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 118-3 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით, 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 122-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 123-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილითა და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებითაც დგინდება ჯარიმისა და საურავის გადახდის სხვა წესები.

1-2. ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევს საჯარიმო ქვითრის ასლი შესაძლოა ჩაბარდეს პირადად.

1-3. თუ ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.

1-4. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.

1-5 . ამ კოდექსის 208-ე და 208-2  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დინებას.

2. თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირებს არა აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ჯარიმა გადახდებათ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სასამართლო დადგენილების ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3 1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად ვერ ჩაირიცხა გადახდილი თანხიდან საბანკო დაწესებულების ან ელექტრონული გადახდის საშუალების მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის დაქვითვის გამო, რასაც მოჰყვა სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვა, აგრეთვე ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების შემთხვევაში გაუქმდება მისთვის დარიცხული საურავი, აგრეთვე ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება მისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ, სამართალდამრღვევს მართვის უფლება აღუდგება და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება.

4. აკრძალულია თანამდებობის პირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდევინება საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ანგარიშზე.

5. ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სამართალდამრღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გაუქმდება და სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა:

ა) არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ორმაგ ოდენობას;

ბ) აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

6. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება.