მუხლი 283. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა დადგენილებისა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.

3. ამ კოდექსის 208-ე და 208-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).