მუხლი 276. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარსა და პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის ვადა, გარდა ამ კოდექსის 281-3  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შესვლიდან.

3. ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234 -1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.

4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განიხილება ამ კოდექსის XXII 1 თავით დადგენილი წესით. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.