მუხლი 272. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს:

ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 -1 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით;

ბ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან);

გ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა;

დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა;

ე) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირის დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ თანამდებობის პირთან, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი.

2. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჩივარი 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზედაც არის შეტანილი და რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს იგი.

3. პირს, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 -1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.