მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა

1. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.

2. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით.

3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.

4. დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.

6. ამ კოდექსის 167-ე მუხლით და 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იმ პირთა მიმართ, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები ჩაბარებული ჰქონდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ დროებით სარგებლობისათვის ჰქონდათ გადაცემული, დადგენილების ასლი ეგზავნება შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ცნობისათვის და შინაგან საქმეთა ორგანოს – ამ პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განსახილველად.

7. ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას დამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად.