მუხლი 259. თანხა, რომელიც აუნაზღაურდება დაზარალებულს, მოწმეს, ექსპერტსა და თარჯიმანს

1. დაზარალებულს, თარჯიმანს ან/და მოწმეს იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, გამოცხადებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებას (ექსპერტს) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (თარჯიმნის) ხარჯებს უნაზღაურებს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გაწეული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის) საექსპერტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება წარმოებს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.

3. დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტისა და თარჯიმნის სახით გამოცხადებულ პირს დადგენილი წესით ენახება ხელფასი თავის სამუშაო ადგილზე იმ ვადით, რაც მან დაჰყო ორგანოში (თანამდებობის პირთან) გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.