მუხლი 250. სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

1. ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სიმთვრალის დადგენა და საქმის განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1-1. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, პოლიციელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ სადგომზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავს პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

1-2. პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს.

1-3. ამ მუხლის 1-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/ მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას;

ბ) სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამართალდამრღვევი მართავდა, დარჩება სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

1-4. დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მფლობელის) მიერ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანაზე უარის თქმის ან საექსპერტო შეფასების განხორციელებამდე შესაბამის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის შემთხვევაში აღნიშნული პირი კარგავს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯები დაეკისრებათ მხარეებს.

2. იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა ან საჭის სამართავი მექანიზმი, ანდა რომელიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც საშიშროებას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ.

3. პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხის სიგნალის მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით; სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას.