მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა

1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.

2. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. გასასინჯი პირი უფლებამოსილია მოიწვიოს დამსწრე (არაუმეტეს ორი პირისა), რისთვისაც მას მიეცემა გონივრული ვადა. აღნიშნული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე.

3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.

4. ნივთების, სანადირო და თევზჭერის იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი; გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.  

5. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. საგადასახადო ორგანოებში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.