მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება

ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ:

ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ბ) გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;

გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;

ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;

ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომლებს – ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.