მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება

1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს:

  ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი;

  ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე;

  გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

  2. არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

  3. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.

  4. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში.

  5. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.