მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.

2-1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი უფლებამოსილი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.