მუხლი 232. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:

1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;

2) იმ პირის მიმართ, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია თექვსმეტი წლის ასაკი;

3) მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თუ უმოქმედობის ჩამდენი პირის შეურაცხადობის გამო;

4) თუ პირი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობისა ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;

5) ამნისტიის აქტის მიღების გამო, თუ იგი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;

6) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმების გამო;

7) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა;

8) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, თუ მასალები ამხანაგურ სასამართლოს გადასცა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელსაც აქვს მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;

9) იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება.

10) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).