მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (რომლებიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ) საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 196-1, 197-ე და 198-ე მუხლებით.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) (ამოღებულია - 29.07.2014, №2555);

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით – სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს, უფროსს ან მის მოადგილეს, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეს, უფროს ინსპექტორს, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრებს, გაფრთხილების სახით;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 197-3 მუხლით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.