მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა

1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 700 ლარამდე, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.

4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 800 ლარამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.