მუხლი 181.- 1. ცივი იარაღის ტარება

1. ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ ვრცელდება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლებ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შესაბამისად.

2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;

გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

3. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

4. პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება.