მუხლი 177. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა

სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე, აგრეთვე შესაბამისი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა, ან ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, მოწყობილობის, ხანძრის ავტომატურად აღმოსაჩენი და ჩასაქრობი საშუალებების გამოყენებისა და შენახვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – ორ მინიმალურ ოდენობამდე.



 [მუხლი 177. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა  

1. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. შინახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისათვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

4. შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5. იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6. დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

7. შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

8. კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს კერძო სახანძრო დაცვის მესაკუთრის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

9. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

10. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმებითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

11. საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]