მუხლი 171.- 1. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა

1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, ტრამვაი-ტროლეიბუსში, მატარებელსა და საზღვაო ხომალდში, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურულ შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება, თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ლარით.

2. საჰაერო ხომალდში თამბაქოს მოწევა საამისოდ გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარით.

3. სკოლამდელი აღზრდის, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში თამბაქოს მოწევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარით.

4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, სკოლამდელი აღზრდის, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულება-ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით.