მუხლი 157.- 2. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „უფლების მართვის ინფორმაციის“ უკანონო შეცვლა, განადგურება ან გაყალბება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.