მუხლი 152. ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას

1. ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 3000 ლარით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.