მუხლი 151. თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება

1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება ან/და განადგურება –

გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

    შენიშვნა:

1. ჯარიმის გადახდა შინაური ცხოველის მესაკუთრეს არ ათავისუფლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

2. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი შინაურ ცხოველს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს შინაური ცხოველი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.