მუხლი 150. თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება

1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2-1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2-2. ამ მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის 2-2  ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.