მუხლი 148. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიების კეთილმოწყობის წესების დარღვევა, აგრეთვე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობა, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ან/და მიმდებარე ტერიტორიის მოუვლელობა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით.

3. თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, –

გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა –

გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

    შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.