მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა

1. მგზავრების უბილეთო გაფრენა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

2. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;

ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით;

გ) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;

დ) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

4. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

ა) ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

ა) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;

ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.