მუხლი 129. 1. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

შენიშვნა:

1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;

გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის კორექტირებას, ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.