მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ( ამოღებულია - 02.05.2014, №2375).

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება , –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით .

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

6. მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

6 -1. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

6-2 . გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

6- 3. სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა −

გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7-1. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7-2. ამ მუხლის 7-1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-6, 62 , მე-7, 7-1 , 7-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.

2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

2-1. (ამოღებულია – 12.06.2012, №6442).

3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 -1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

4. ( ამოღებულია - 02.05.2014, №2375).

4-1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.

4 -2 . ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

6. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.