მუხლი 125.- 2. დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა

1. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, იმ ავტოტრანსპორტს, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.

შენიშვნა:

1. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.