მუხლი 125.- 3. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა

1. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით.

4. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების სხვა დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

შენიშვნა :

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პარკირების ორგანიზების წესებს. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.