მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

3. გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1- 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375).

3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.